ლევან მაჭავარიანი „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ პოლიტპატიმართა სიაში სააკაშვილის შეყვანაზე - მათ სააკაშვილის მხრიდან იგრძნეს ბულინგი და ვერ გაუძლეს ამ წნეხს, სავარაუდოდ, ამიტომ შეიყვანეს - სააკაშვილი პოლიტპატიმარი არ არის - Palitra News

ლევან მაჭავარიანი „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ პოლიტპატიმართა სიაში სააკაშვილის შეყვანაზე - მათ სააკაშვილის მხრიდან იგრძნეს ბულინგი და ვერ გაუძლეს ამ წნეხს, სავარაუდოდ, ამიტომ შეიყვანეს - სააკაშვილი პოლიტპატიმარი არ არის

2026-09-26 15:04:00+04:00

სააკაშვილი არის ჩვეულებრივი მკვლელი და მკვლელი რეჟიმის მთავარი შემოქმედი, შესაბამისად, ძალიან არასერიოზულია ნებისმიერი ადამიანის მხრიდან ასეთი განცხადებები, მით უმეტეს ეკა გიგაურის მხრიდან, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ჩვეულებრივი აგენტია - სააკაშვილი პოლიტპატიმარი არ არის, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ლევან მაჭავარიანი „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ განცხადებას, რომელიც მიხეილ სააკაშვილი „პოლიტიკურ პატიმართა სიაში შეყვანას“ ეხება.

ლევან მაჭავარიანის მოსაზრებით, აღნიშნულ სიაში მიხეილ სააკაშვილის სახელი იმიტომ შეჰყავთ, რომ „მათ სააკაშვილის მხრიდან ბულინგი იგრძნეს“.

„ძალიან კარგია, რომ „ნაცები“ ერთმანეთს აბულინგებენ. ჩვენ გვახსოვს, რომ ბოლოს არასამთავრობოებმა არ შეიყვანეს პოლიტპატიმრების სიაში სააკაშვილი, ვინაიდან იმას მაინც მიხვდნენ, რომ ასეთი დონის სითავხედე უკვე აღარ შეიძლებოდა, ვინაიდან ვისაც მათი სჯერა საქართველოში ჯამში, შეიძლება, სულ 20-30 ადამიანი იყოს. ამ შემთხვევაში, სავარაუდოდ, ბულინგმა გაჭრა და მათ ისეთ საქმეებთან დაკავშირებით დაიწყეს პოლიტიკური დევნის დასახელება - ყველამ იცის სააკაშვილის გაფლანგულ თანხებთან დაკავშირებული საქმე, შემდეგ შეფუთეს „პიჯაკების საქმით“, რომ საკუთხი გაეუბრალოებინათ, საუბარია 9 მილიონ ლარზე, არ მგონია, რომ პიჯაკები ჯდებოდეს 9 მილიონი ლარი. ზოგადად, სააკაშვილი არის ჩვეულებრივი მკვლელი და მკვლელი რეჟიმის მთავარი შემოქმედი, ვინც ავანგარდში ედგა და შესაბამისად, ძალიან არასერიოზულია ნებისმიერი ადამიანის მხრიდან ასეთი განცხადებები, მით უმეტეს ეკა გიგაურის მხრიდან, რომელიც ჩვეულებრივი აგენტია, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელია ჩვეულებრივი. ერთი მხრივ, სამარცხვინოა, როდესაც რომელიმე ქვეყანას გიგაურის მსგავსს აგენტებს თავის ქვეყანაში ეძახის, თითქოს საქართველოს სახელით უნდა ილაპარაკონ და ძალიან სამწუხაროა, ამ შემთხვევაში, ამ როლში აღმოჩნდა საფრანგეთი.

სააკაშვილი პოლიტპატიმარი არ არის. ერთადერთი შემთხვევა იყო ჩემს ცხოვრებაში [წარსულში],როდესაც ამ მდიდარ „ენჯეოებს“, რაღაცაში დავეთანხმე და ეს იყო ის, რომ მათ თქვეს, სააკაშვილი არ არის პოლიტიკური დევნილი. შემდეგ მათ სააკაშვილის მხრიდან იგრძნეს ბულინგი და შესაბამისად, ვერ გაუძლეს ამ წნეხს „ნაცებმა“ ერთმანეთში და სავარაუდოდ, ამიტომ შეიყვანეს“,- აცხადებს მაჭავარიანი.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებით, მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ცნობით, 2026 წლის ივლისში მას მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა მიმართეს და შესწავლის მიზნით კონკრეტული საქმის - ე.წ. პიჯაკების, საზღვრის კვეთის, ტელეკომპანია „იმედის“ მასალები გადასცეს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დასკვნის თანახმად, ე.წ. პიჯაკების საქმეზე მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი დაუსაბუთებელი და უსამართლოა, ხოლო მიმდინარე საქმეებზე მის მიმართ წარმართული სამართალწარმოება პოლიტიკურად მოტივირებულია. არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 1 900 (2012) რეზოლუციის მიხედვით, პოლიტიკური პატიმრისთვის განსაზღვრულ 5-დან 4 კრიტერიუმს აკმაყოფილებს. ორგანიზაციის განმარტებით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელის შეფარდების ფუნდამენტური პრინციპებიდან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილისთვის ე.წ. პიჯაკების საქმეზე 9 წლით თავისუფლების აღკვეთის მისჯა არსებითად უსამართლოა და ეწინააღმდეგება პროპორციულობის პრინციპს.