ირაკლი კუპრაძე - საქართველო საქართველოს მოქალაქეებისგან იცლება და ამ პირობებში არაბული ანკლავის გაჩენა ორ მთავარ დიდ ქალაქში, არის დანაშაული საქართველოს უსაფრთხოებისა და ეკონომიკის წინააღმდეგ - ასევე, რატომ ასაიდუმლოებს „ოცნება“ ხელშეკრულებას? - Palitra News

ირაკლი კუპრაძე - საქართველო საქართველოს მოქალაქეებისგან იცლება და ამ პირობებში არაბული ანკლავის გაჩენა ორ მთავარ დიდ ქალაქში, არის დანაშაული საქართველოს უსაფრთხოებისა და ეკონომიკის წინააღმდეგ - ასევე, რატომ ასაიდუმლოებს „ოცნება“ ხელშეკრულებას?

2026-09-26 15:30:23+04:00

პრომო ბიჭუნად წარმოდგენილმა, ე.წ. პრემიერ-მინისტრმა კობახიძემ, განაცხადა, რომ 6 მილიარდი დოლარის გენერირებას შეძლებდა გონიოსა და კრწანისის ტყე-პარკში დაგეგმილი პროექტები, რომლებსაც საბოლოოდ ეწოდა და დაერქვა აფერა, რაც გულისხმობს არაბული ქალაქების შექმნას - ორი არაბული ანკლავის გაჩენა ორ მთავარ დიდ ქალაქში, ბათუმსა და თბილისში, არის დანაშაული საქართველოს უსაფრთხოებისა და ეკონომიკის წინააღმდეგ,- ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.

კუპრაძის თქმით, „ძლიერი საქართველო - ლელო" გააგრძელებს ბრძოლას იქამდე, ვიდრე პროექტის ხელშეკრულება და პირობები საზოგადოებისთვის საჯარო არ გახდება.

„ჩვენ ახლა ვიმყოფებით გონიოს უნიკალური ტერიტორიის გულში, სადაც ბიძინა ივანიშვილმა და ანტიქართულმა „ოცნებამ" ერთი წლის წინ გამოაცხადა, რომ გონიოს ამ უნიკალურ, ქართულ ტერიტორიას და კრწანისის ტყე-პარკს, 590 ჰექტარს კრწანისში და 260 ჰექტარი გონიოში, გადასცემს არაბულ კომპანიას. პრომო ბიჭუნად წარმოდგენილმა, ე.წ პრემიერ-მინისტრმა კობახიძემ, განაცხადა, რომ 6 მილიარდის ინვესტიცია შემოვიდოდა, 6 მილიარდი დოლარის გენერირებას შეძლებდა ეს პროექტი, ამ პროექტს საბოლოოდ ეწოდა და დაერქვა აფერა, რაც გულისხმობს არაბული ქალაქების შექმნას. მათ შორის, იმ არაბული კომპანიის წარმომადგენელმა, ხელმძღვანელმა და დირექტორმა განაცხადა, რომ ამ კომპანიაში კვადრატული მეტრის ღირებულება იქნება 5000-დან 12 000 დოლარამდე. საქართველოს ვერცერთი საშუალო სტატისტიკური მოქალაქე ვერ შეიძენს ვერანაირ ფართს ვერც გონიოში, არაბულ ქალაქებში და ვერც კრწანისის ტყე-პარკში. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ტერიტორიის სრული უმრავლესობა ათვისებული იქნება უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ. მაშინ, როცა საქართველოში ანტიქართული „ოცნების", არაქართული "ოცნების" პროპაგანდამ და საქმიანობამ შექმნა დემოგრაფიული კრიზისი, იცლება საქართველო საქართველოს მოქალაქეებისგან, ჩამოდიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები. განსაკუთრებული კრიზისია ბათუმში, რუსეთის მოქალაქეების ჩამოცხოვრების გამო. იცვლება თანაფარდობა საერთოდ საქართველოში ქართველებსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შორის. ამ კრიზისის პირობებში, ორი არაბული ანკლავის გაჩენა ორ მთავარ დიდ ქალაქში, ბათუმსა და თბილისში, კრწანისის ტყე-პარკსა და გონიოში, არის დანაშაული საქართველოს უსაფრთხოების ეკონომიკის წინააღმდეგ იმიტომ, რომ ეს არ არის ეკონომიკური განვითარება. მაშინ, როცა ქართული სახელმწიფოსთვის უნიკალური მნიშვნელობის ძალიან მაღალი ეკონომიკური ღირებულების ქონებას, სახელმწიფო ყოველგვარი, რეალური შემოსავლის მიღების გარეშე დებს ინვესტიციად წარმოუდგენელ, დაუსაბუთებელ პროექტებში, რომელმაც არ იმუშავა მათ შორის უნგრეთში, არ იმუშავა სხვადასხვა ქვეყანაში კორუფციის რისკებისა და უპერსპექტივობის გამო, ეს არის კორუფციული პროექტი, რასაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ის ფაქტი, რომ ანტიქართულმა "ოცნებამ" გაასაიდუმლოვა ხელშეკრულება, რომელიც ეხება არაბული ანკლავების მშენებლობას როგორც გონიოში, ასევე კრწანისის ტყე-პარკში. თუ არაფერი აქვს დასამალი ანტიქართულ "ოცნებას", რატომ ასაიდუმლოებს ხელშეკრულებას, რომელშიც, სავარაუდოდ, არის ისეთი მძიმე პირობები სახელმწიფოს მხრიდან შესასრულებლად, რომელიც სრულიად გამორიცხავს ადეკვატური, ეროვნული, ქართული გადაწყვეტილების არსებობას საერთოდ ამ გარიგებაში. არ შეიძლება ასე უპასუხისმგებლოდ განკარგო უზარმაზარი ტერიტორიები, რომელიც პირიქით უნდა იყოს, საზღვრის, ეკონომიკის, დემოგრაფიის და ეროვნული უსაფრთხოების მთავარი ინტერესი. ჩვენ, "ძლიერი საქართველო - ლელო" გავაგრძელებთ ბრძოლას სანამ არ მივაღწევთ ამ ხელშეკრულების გასაჯაროებას და იმ პირობების გასაჯაროებას და მიწოდებას საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელიც დარწმუნებულები ვართ, რომ არის ანტისახალხო, ანტისახელმწიფოებრივი და მორგებული მხოლოდ ერთ კაცზე- ბიძინა ივანიშვილსა და მის არაქართულ „ოცნებაზე”, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.