იყო გარკვეული პერიოდი, როდესაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ცდილობდა, ღიად არ გამოეხატა საკუთარი პოლიტიკური მიკერძოება, თუმცა ახლა ამასაც არ ერიდებიან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ლევილში ჟურნალისტებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოა“ განცხადების საპასუხოდ განუცხადა.
მისი თქმით, წინა ხელისუფლების პერიოდში სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრები იფლანგებოდა და ოჯახის წევრების სწავლის საფასურსაც კი ბიუჯეტი იხდიდა, თუმცა დღეს ეს ორგანიზაცია ცდილობს, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმეს პოლიტიკური სარჩული მიაკეროს.
„იყო გარკვეული პერიოდი, როდესაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ცდილობდა, ღიად არ გამოეხატა საკუთარი პოლიტიკური მიკერძოება, თუმცა ახლა ამასაც არ ერიდებიან. ყველამ კარგად იცის, რა საქმეზეა საუბარი - იფლანგებოდა სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრები, წარმოიდგინეთ, რომ ოჯახის წევრების სწავლის საფასურსაც კი ბიუჯეტი იხდიდა. არაფერს აღარ ვამბობ კონკრეტულ ფუფუნების საგნებზე, სახელმწიფო თანამდებობის პირების დასვენებაზე, სხვადასხვა კურორტზე ქვეყნის გარეთ. წარმოიდგინეთ, ერთი ასეთი შემთხვევა რომ მოხდეს დღევანდელ დღეს, რა ჯანსაღი უარყოფითი რეაქცია ექნებოდა ამაზე საზოგადოებას. დღეს ეს პარტიული ორგანიზაცია კადრულობს და ცდილობს, რომ ამ საქმეს პოლიტიკური სარჩული მიაკეროს, რაც აბსოლუტურად წარმოუდგენელია“, - განაცხადა პრემიერმა.
ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებით, მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ცნობით, 2026 წლის ივლისში მას მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა მიმართეს და შესწავლის მიზნით კონკრეტული საქმის - ე.წ. პიჯაკების, საზღვრის კვეთის, ტელეკომპანია „იმედის“ მასალები გადასცეს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დასკვნის თანახმად, ე.წ. პიჯაკების საქმეზე მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი დაუსაბუთებელი და უსამართლოა, ხოლო მიმდინარე საქმეებზე მის მიმართ წარმართული სამართალწარმოება პოლიტიკურად მოტივირებულია. არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 1 900 (2012) რეზოლუციის მიხედვით, პოლიტიკური პატიმრისთვის განსაზღვრულ 5-დან 4 კრიტერიუმს აკმაყოფილებს. ორგანიზაციის განმარტებით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელის შეფარდების ფუნდამენტური პრინციპებიდან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილისთვის ე.წ. პიჯაკების საქმეზე 9 წლით თავისუფლების აღკვეთის მისჯა არსებითად უსამართლოა და ეწინააღმდეგება პროპორციულობის პრინციპს.