კახა კალაძე - ოკუპაცია დროებითია, სამშობლო კი მარადიული - აფხაზეთი იყო, არის და იქნება საქართველო! - Palitra News

კახა კალაძე - ოკუპაცია დროებითია, სამშობლო კი მარადიული - აფხაზეთი იყო, არის და იქნება საქართველო!

2026-09-27 13:26:16+04:00

33 წელი გავიდა იმ დღიდან, როცა საქართველომ დაკარგა არა მხოლოდ ქალაქი, არამედ ქვეყნის გული - ოკუპაცია დროებითია, სამშობლო კი მარადიული,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.

კალაძის თქმით, ჩვენი ვალია, ისეთი ძლიერი, მშვიდობიანი და გაერთიანებული ქვეყნის შენება, სადაც დაბრუნება ყველასთვის ღირსეული და სასურველი იქნება.

“27 სექტემბერი უმძიმესი თარიღია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.

დიდება და პატივი იყოს სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული ქართველი გმირების, ომს შეწირული მშვიდობიანი მოსახლეობის!!!

33 წელი გავიდა იმ დღიდან, როცა საქართველომ დაკარგა არა მხოლოდ ქალაქი, არამედ ქვეყნის გული.

ვერ გაანელა დრომ ის ტკივილი, რომელიც ამ ომმა დაგვიტოვა - დაღუპული ადამიანები, ასობით ათასი დევნილი, დაკარგული ისტორიული მიწა და, რაც ყველაზე მთავარია, სურვილი - საკუთარ სახლში დაბრუნების.

მჯერა, ჩვენი გმირების ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია. ოკუპაცია დროებითია, სამშობლო კი მარადიული.

ჩვენი ვალია, ისეთი ძლიერი, მშვიდობიანი და გაერთიანებული ქვეყნის შენება, სადაც დაბრუნება ყველასთვის ღირსეული და სასურველი იქნება.

აფხაზეთი იყო, არის და იქნება საქართველო!“ , - წერს კალაძე.