გიგა ფარულავა - ფაქტია, რომ ლევან მაჭავარიანს დაუწერეს და დაადებინეს ეს კონკრეტული განცხადება - თუ თავისი დაწერილია, მაშინ ჯანმრთელობის ფასი ნამდვილად არაფერია და ვუსურვებ, დროულად მიმართოს შესაბამის უწყებას - Palitra News

გიგა ფარულავა - ფაქტია, რომ ლევან მაჭავარიანს დაუწერეს და დაადებინეს ეს კონკრეტული განცხადება - თუ თავისი დაწერილია, მაშინ ჯანმრთელობის ფასი ნამდვილად არაფერია და ვუსურვებ, დროულად მიმართოს შესაბამის უწყებას

2026-09-28 12:14:51+04:00

ფაქტია, რომ ლევან მაჭავარიანს დაუწერეს და დაადებინეს ეს კონკრეტული განცხადება - თუ თავისი დაწერილია, მაშინ ჯანმრთელობის ფასი ნამდვილად არაფერია და ვუსურვებ, დროულად მიმართოს შესაბამის უწყებას, - ასე გამოეხმაურა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატი, გიგა ფარულავა „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ლევან მაჭავარიანის წერილს.

მისი თქმით, რაც ლევან მაჭავარიანმა გამოაქვეყნა „სისულელეების კორიანტელია“.

„ეს არის იმ სასულეების კორიანტელი, რაც საზოგადოებამ ნახა და წაიკითხა. ფაქტია, რომ მაჭავარიანს დაუწერეს და დაადებინეს ეს კონკრეტული განცხადება. ამით ცდილობენ, მედიაპროპაგანდა ააგორონ. თუ თავისი დაწერილია, მაშინ ჯანმრთელობის ფასი ნამდვილად არაფერია და ვუსურვებ, დროულად მიმართოს შესაბამის უწყებას.

რაც შეეხება წერილში მითითებულ აბსურდულ სისულელეებს და ბრალდებებს, ჩაიხედონ თავიანთ გუნდში: ვის „ნაცობაზე“ ან რა 4 ოქტომბერზე საუბრობენ, როდესაც მათი პოლიტიკური გუნდი - როგორც ყოფილი, ისე მოქმედი წევრებით - სავსეა „ნაცებით“? ასევე, თავის ეპისტოლეში თუ წერილში საუბრობს ლგბტ პროპაგანდაზე. მიმოიხედონ გარშემო და ჩაიხედონ თავიანთ გულებში: ლგბტ თემისა თუ პროპაგანდის ყველაზე მეტი წარმომადგენელი თავად მათ გუნდში ჰყავთ. 4 ოქტომბერს რაც შეეხება, ის თვითონ დაგეგმეს. ამაზე არა მხოლოდ ჩვენ, არამედ თავად მამუკა მდინარაძემაც ისაუბრა რამდენიმე თვის წინ, როდესაც „იმედის“ პირდაპირ ეთერში ჰყვებოდა, თუ როგორ მართეს 4 ოქტომბრის პროვოკაციული, რევოლუციური სცენარები.

შესაბამისად, ამ წერილების წერას თავი დაანებონ და საქმეს მიხედონ”, - აღნიშნა გიგა ფარულავამ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების” დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა, სადაც სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, გახარიას გუნდზე საუბრობს.