საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტი, რომლის მიხედვით, ქონების გადასახადს მხოლოდ 100 000 ლარს ზემოთ შემოსავლიანი მოქალაქეები გადაიხდიან, პარლამენტში ინიცირებულია - Palitra News

საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტი, რომლის მიხედვით, ქონების გადასახადს მხოლოდ 100 000 ლარს ზემოთ შემოსავლიანი მოქალაქეები გადაიხდიან, პარლამენტში ინიცირებულია

2026-09-28 15:55:43+04:00

ქონების გადასახადთან დაკავშირებით პარლამენტში ინიცირებულია პროექტი, რომლის მიხედვით, ქონების გადასახადს მხოლოდ 100 000 ლარს ზემოთ შემოსავლიანი მოქალაქეები გადაიხდიან.

“საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები ბიუროს უკვე წარედგინა და მას პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

“პროექტი ეხება ქონების გადასახადის 40 000 ლარიანი ზღვრის გაუქმებას და მხოლოდ 100 000 ლარიანი ზღვრის დატოვებას“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე.

სადღეისოდ მოქმედი რეგულაციის მიხედვით, 40 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახები ქონების გადასახადისგან გათავისუფლებული არიან. 40 000-დან 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის გადასახადის განაკვეთი 0.05%-დან 0.2%-მდე მერყეობს, ხოლო 100 000 ლარზე მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის - 0.08 პროცენტიდან 1 პროცენტამდე.პარლამენტში წარდგენილი კანონის პროექტის მიხედვით, 40 000 ლარიანი შემოსავლის ზღვარი უქმდება და წესდება 100 000 ლარის ოდენობის ზღვარი. კანონის პროექტი “ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ არის ინიცირებული.