გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი მესამე კურსის სტუდენტის დაჭრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც უნივერსიტეტი განმარტავს, დღეს, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ირინა ენუქიძის ქუჩაზე, მოხდა ინციდენტი - შედეგად დაზარალდა მე-3 კურსის სტუდენტი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია
„რამდენადაც ცნობილი გახდა, ინციდენტი დაიწყო კვების ერთ-ერთ ობიექტთან და გადაინაცვლა უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე. რის გამოც, დაცვის თანამშრომლის სწრაფი რეაგირება შეიზღუდა. თუმცა, უნივერსიტეტის სამედიცინო პერსონალისა და დაცვის თანამშრომლის სწრაფი მოქმედებით, დაშავებულს აღმოვუჩინეთ პირველადი დახმარება. შემდეგ კი, სასწრაფოს ეკიპაჟმა მალევე გადაიყვანა სამედიცინო დაწესებულებაში
აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტი აღჭურვილია ვიდეო-თვალთვალის სისტემით, რაც ინციდენტის შემდეგ, სამართალდამცავი ორგანოებისთვის ხელმისაწვდომი გახდა.
უნივერსიტეტის სახელით, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ჩვენს სტუდენტს და ვუსურვებთ სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას“, - წერია განცხადებაში.