მედია - ბენიამინ ნეთანიაჰუმ არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან საიდუმლო შეხვედრა გამართა - Palitra News

მედია - ბენიამინ ნეთანიაჰუმ არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან საიდუმლო შეხვედრა გამართა

2026-09-29 08:52:54+04:00

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ კვირას აბუ-დაბიში არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტ შეიხ მუჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანთან ფარული შეხვედრა გამართა.

მედიის ცნობით, ეს ინფორმაცია ორივე ქვეყნის მთავრობებმა ორშაბათს გვიან დაადასტურეს.

„მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ისრაელს შორის, ასევე მათი გაძლიერებისა და განვითარების გზები“, - ნათქვამია საამიროების განცხადებაში.

ნეთანიაჰუს ოფისის ცნობით, ვიზიტი „ორი ქვეყნის ურთიერთობების გაძლიერებასა და რეგიონულ გამოწვევებზე იყო ფოკუსირებული“.

ფარულ ვიზიტამდე რამდენიმე კვირით ადრე ისრაელურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა ნეთანიაჰუ გააფრთხილა დაჯგუფება „ჰამასის“ მხრიდან მომდინარე გარდაუვალი საფრთხის შესახებ გააფრთხილა და ეს 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმამდე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ეს გაფრთხილება უსაფრთხოების სამსახურებს არ გადასცა.

ამასთან, ტელეკომპანია „მე-12 არხმა“ ორშაბათს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნეთანიაჰუს ვიზიტის მიზანი შეიხ მუჰამედისთვის იმის თხოვნა იყო, რომ მას გაფრთხილების გაცემის ფაქტის უარყოფა მოეხდინა.

ნეთანიაჰუს ოფისმა უარყო როგორც ის, რომ პრემიერ-მინისტრმა მსგავსი თხოვნით მიმართა საამიროების პრეზიდენტს, ასევე ინფორმაცია, რომ პრემიერი “ჰამასის” გეგმის შესახებ გააფრთხილეს.

ორშაბათს, მანამ, სანამ ნეთანიაჰუს ვიზიტი ოფიციალურად დადასტურდებოდა, ისრაელის შიდა უსაფრთხოების სამსახურმა „მე-12 არხის“ წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. არხს ცენზურის წესების დარღვევაში დასდეს ბრალი იმის გამო, რომ ვიზიტის შესახებ ინფორმაცია პრემიერ-მინისტრის ისრაელში დაბრუნებამდე გაავრცელა. ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ინფორმაცია მაშინ გავრცელდა, როდესაც პრემიერის თვითმფრინავი ჯერ კიდევ ისრაელის საჰაერო სივრცის გარეთ იმყოფებოდა, რითაც „საფრთხე შეექმნა პრემიერ-მინისტრისა და მისი მეუღლის, ასევე დელეგაციის სიცოცხლეს; დელეგაციის შემადგენლობაში კი შედიოდნენ სადაზვერვო სამსახურ „მოსადის“ ხელმძღვანელი და უსაფრთხოების სფეროს სხვა მაღალი რანგის წარმომადგენლები“.