პაატა კვიჟინაძე ქონების გადასახადთან დაკავშირებით ცვლილებაზე - კანონი შეეხება 81 000 ოჯახს, ანუ 100 000-მდე მოქალაქეს, თანხაში ეს არის 22 მილიონზე მეტი, რასაც დააკომპენსირებს სახელმწიფო ბიუჯეტი - Palitra News

პაატა კვიჟინაძე ქონების გადასახადთან დაკავშირებით ცვლილებაზე - კანონი შეეხება 81 000 ოჯახს, ანუ 100 000-მდე მოქალაქეს, თანხაში ეს არის 22 მილიონზე მეტი, რასაც დააკომპენსირებს სახელმწიფო ბიუჯეტი

2026-09-29 11:34:09+04:00

კანონი შეეხება 81 000 ოჯახს, ანუ 100 000-მდე მოქალაქეს, თანხაში ეს არის 22 მილიონზე მეტი, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, პაატა კვიჟინაძემ ქონების გადასახადთან დაკავშირებით პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, დღეს იქნება პირველი მოსმენა და ხვალ ორი მოსმენით დასრულდება კანონპროექტის მიღება.

„ამ კანონის მიღების შესახებ დაანონსებული იყო, რომ დაჩქარებული წესით იქნებოდა მიღებული. დღეს იქნება პირველი მოსმენა და ხვალ ორი მოსმენით დავასრულებთ კანონის მიღებას.

მიზანი არის მხოლოდ ერთი, რომ მცირე შემოსავლიანი მოსახლეობა გათავისუფლებული იყოს ქონების გადასახადისგან და არ დააწვეს ტვირთად ეს გადასახადი.

შინაარსი არის შემდეგი, რომ 40 000-ზე მეტი იყო შემოსავალი ოჯახის, მაშინ ის უკვე იწყებდა ქონების გადასახადის გადახდას. ახლა ეს ზღვარი ავიდა 100 000-ზე.

ეს შეეხება 81 000 ოჯახს, ანუ 100 000-მდე მოქალაქეს. ეს შარშანდელი მონაცემებით, წელს ალბათ უკვე უფრო მეტი იქნება. თანხაში ეს არის 22 მილიონზე მეტი. ეს თანხა შედის ადგილობრივ ბიუჯეტებში და ამას დააკომპენსირებს სახელმწიფო ბიუჯეტი”, - განაცხადა კვიჟინაძემ.

ცნობისთვის ქონების გადასახადთან დაკავშირებით პარლამენტში ინიცირებულია პროექტი, რომლის მიხედვით, ქონების გადასახადს მხოლოდ 100 000 ლარს ზემოთ შემოსავლიანი მოქალაქეები გადაიხდიან.“საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები ბიუროს უკვე წარედგინა და მას პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.“პროექტი ეხება ქონების გადასახადის 40 000 ლარიანი ზღვრის გაუქმებას და მხოლოდ 100 000 ლარიანი ზღვრის დატოვებას“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე.