2.5 მლრდ 8 თვეში - ბანკების მთლიანი მოგების ნახევარზე მეტი, მხოლოდ ერთ მოთამაშეზე მოდის - Palitra News

2.5 მლრდ 8 თვეში - ბანკების მთლიანი მოგების ნახევარზე მეტი, მხოლოდ ერთ მოთამაშეზე მოდის

2026-09-29 13:55:19+04:00

2.5 მლრდ 8 თვეში - ბანკების მთლიანი მოგების ნახევარზე მეტი, მხოლოდ ერთ მოთამაშეზე მოდის. 2026 წლის იანვარ-აგვისტოში, კომერციულმა ბანკებმა 2 მილიარდ 564 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღეს. სებ-ის სტატისტიკის მიხედვით, ეს მაჩვენებელი წლიურად 20.1%-ით არის გაზრდილი. რაც იმას ნიშნავს, რომ გასული წლის იანვარ-აგვისტოში, ბანკებმა ჯამურად, 2 მილიარდ 135 მილიონი ლარის მოგება მიიღეს, ახლა კი მხოლოდ 8 თვეში მოგებამ 2,5 მილიარდ ლარს გადააჭარბა. ამ პერიოდში, ყველაზე მეტი მოგება ისევ „საქართველოს ბანკმა” მიიღო, ყველაზე ზარალიანი კი მოცემული საანგარიშო პერიოდი “სილქ ბანკისთვის“ აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ წლის ამ პერიოდში საქართველოში 17 კომერციული ბანკი და 2 მიკრობანკი ოპერირებდა, წმინდა მოგების ნახევარზე მეტი (50,3%), მხოლოდ ერთ ბანკზე მოდის და ეს „საქართველოს ბანკია“, რომელმაც მხოლოდ მიმდინარე წლის 8 თვეში თითქმის 1 მილიარდ 300 მილიონი ლარის მოგება დაწერა. მეორე ადგილზე „თიბისი ბანკია“, რომლის მოგებაც მილიარდ ლარსაც ვერ აღწევს და 936 მილიონი ლარის ფარგლებშია. მესამე და მეოთხე პოზიციებს კი მოგების მაჩვენებლით „ბაზის ბანკი“ და „ლიბერთი ბანკი“ ინაწილებენ.