ავტონაწილებით მოვაჭრეებისთვის ახალი წესები და ჯარიმები მუნიციპალიტეტებშიც ამოქმედდება - Palitra News

ავტონაწილებით მოვაჭრეებისთვის ახალი წესები და ჯარიმები მუნიციპალიტეტებშიც ამოქმედდება

2026-09-29 13:56:17+04:00

ავტონაწილებით მოვაჭრეებისთვის ახალი წესები და ჯარიმები მუნიციპალიტეტებშიც ამოქმედდება. უფრო კონკრეტულად კი,2026 წლის 1-ლი ოქტომბრიდან, მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ასევე ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსებისა და რეალიზაციის წესის დარღვევისთვის ჯარიმები მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზეც გავრცელდება. აქამდე ეს რეგულაციები მხოლოდ დედაქალაქის ფარგლებში მოქმედებდა. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, აღნიშნული მასალების განთავსება ან/და რეალიზაცია იმ ადგილებში, სადაც შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საამისოდ საქმიანობა განსაზღვრული არ არის, ფიზიკური პირის 2 500, ხოლო იურიდიული პირის 5 000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. იგივე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ჯარიმა ფიზიკური პირისთვის 5 000 ლარს, იურიდიული პირისთვის კი 15 000 ლარს შეადგენს. ამასთან, იმ ადგილებში, რომლებიც მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ აღნიშნული საქმიანობისთვის განსაზღვრულია, მაგრამ საქმიანობა დადგენილი წესის დარღვევით ხორციელდება, ფიზიკური პირი 1 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 2 500 ლარით დაჯარიმდება. განმეორების შემთხვევაში კი ჯარიმა, შესაბამისად, 2 500 და 5 000 ლარი იქნება. შეგახსენებთ, რომ თბილისში ეს რეგულაციების უკვე 2026 წლის 1-ლი იანვრიდან მოქმედებს. რეგულაციით იკრძალება ასეთი ტიპის საქმიანობა საცხოვრებელ, რეკრეაციულ, სატყეო, სპეციალურ, სატრანსპორტო და სანიტარული დაცვის ზონებში. ხოლო დასაშვებ ფუნქციურ ზონებში (ძირითადად სამრეწველო და საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა), განსაზღვრულია გარკვეული პირობები, რომლის დაკმაყოფილებაც მოუწევთ ტერიტორიის მესაკუთრეებს და მეწარმე სუბიექტებს.