თბილისის 166-ე სკოლასთან მშობლებისა და მოსწავლეების პროტესტი გრძელდება. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, გადაიხედოს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა და შენობას დემონტაჟის ნაცვლად, რეაბილიტაცია ჩაუტარდეს.
ისინი ამბობენ, რომ მესამე წელია, ბავშვებს სხვა სკოლებში უწევთ სწავლა.
არსებული ინფორმაციით, პროტესტის შემდეგ, დიდუბის გამგეობაში შეხვედრა ჩაინიშნა, რომელსაც განათლებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების წარმომადგენლები და ასევე, მშობლები დაესწრებიან.
„გვაქვს ერთადერთი მოთხოვნა, რომ სკოლის დემონტაჟი და ახალი შენობის აშენება, სამხარაულის მიერ გაცემული დასკვნების საფუძველზე, რეაბილიტაციით შეიცვალოს. სამხარაულის დასკვნის მიხედვით, სკოლას აქვს მე-2 და მე-3 ხარისხის დაზიანებები. განვმარტავ, სკოლის შენობის 30% არის დაზიანებული, რომელიც ექვემდებარება დაუყოვნებლივ შეკეთებას. ამ დასკვნების მიხედვით, არსად წერია რომ სკოლა არის ავარიულ მდგომარეობაში და უნდა მოხდეს მისი დემონტაჟი. შეხვედრაზე გვინდა, რომ სწორედ ეს გავაჟღეროთ“, - აღნიშნავენ მედიასთან.