პატიმრობაში მყოფი ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი, რომელიც პროტესტის ნიშნად შიმშილობს, აცხადებს, რომ მთავრობა მის წინააღმდეგ ფსიქოლოგიურ წამებას ახორციელებს.
მისი თქმით, 84 წლის ლოგინად ჩავარდნილ დედასთან სატელეფონო კავშირის აკრძალვით ხელისუფლება „დედას წამებით უკლავს“.
„30-ე დღეა გლდანის ციხის უდანაშაულო პატიმარი ვარ TV-იმედის შვიდი მამაკაცი თანამშრომლის ცრუ საჩივრის საფუძვლით, თითქოს მე, ერთმა კაცმა, თამაზ ელიზბარაშვილმა, 30 აგვისტოს საღამოს რესტორან ,,სხვაში’’ დავემუქრე და შევაშინე შვიდივე მამაკაცი. 30 დღეა გამომძიებელმა, ლევან ჩხიკვაძემ ამიკრძალა 84 წლის ლოგინად ჩავარდნილი, ავადმყოფ დედასთან სატელეფონო საუბარი, რაც ენით აღუწერელი ბოროტებაა. ამ აკრძალვის გაუქმების მიზნით ჩემმა ადვოკატმა შეიტანა საჩივარი, მაგრამ პასუხის ღირსიც არ გაგვხადა გამომძიებელმა და ზედამხედველმა პროკურორმა. 28 სექტემბერს დავიწყე შიმშილი. ჩემი მოთხოვნაა: მომეცით უფლება დავრეკო ჩემს ავადმყოფ, ლოგინად ჩავარდნილ, 84 წლის დედასთან.
გუშინ ადვოკატმა მითხრა, დედაჩემს თურმე წერილი მიუწერია გამომძიებლისათვის, ჩემი შვილის ხმა გამაგონეთ, ისე არ მომკლათო. სისხლი გამეყინა, დედას წამებით მიკლავენ, ეს ,,დოქსოპოლოები’’.
სამარტოო საკანში არც ტელევიზორი მაქვს, არც რადიო. მხოლოდ ადვოკატის საშუალებით ვეკონტაქტები გარე სამყაროს. 151-ე მუხლის პირველი ნაწილით დამდეს ბრალი, სისხლის სამართლის კოდექსის ეს მუხლი არის მგონი ყველაზე მსუბუქი მუხლი და ვერანაირ ახსნას ვერ ვპოულობ, გარდა პოლიტიკურისა, ასე რატომ მაწამებს ხელისუფლება და მთავრობა?! დიახ ვერ აიტანა მთავრობამ ჩემი სამართლიანი საჯარო კრიტიკა და შეკერილი ცრუ ბრალდებით დამაპატიმრა, ამიწიოკა ოჯახი, შემიშინა არასრულწლოვანი შვილები და წამებით მიკლავს ლოგინად ჩავარდნილ, ავადმყოფ დედას”, - წერს ელიზბარაშვილი.