ვახტანგ ძაბირაძე - ღარიბაშვილის ეპისტოლარული ჟანრის მთელი პათოსი მიმართულია იქითკენ, რომ ბიძინა ივანიშვილის ყურადღება მიიპყროს და მიიღოს შეწყალება - სიტყვაც არ უთქვამს, საიდან გაჩნდა 6 მილიონი სახლში რომ ჰქონდა ჯიბის ფულად - Palitra News

ვახტანგ ძაბირაძე - ღარიბაშვილის ეპისტოლარული ჟანრის მთელი პათოსი მიმართულია იქითკენ, რომ ბიძინა ივანიშვილის ყურადღება მიიპყროს და მიიღოს შეწყალება - სიტყვაც არ უთქვამს, საიდან გაჩნდა 6 მილიონი სახლში რომ ჰქონდა ჯიბის ფულად

2026-09-29 21:52:17+04:00

ირაკლი ღარიბაშვილმა ჩათვალა, რომ დგას მომენტი, როდესაც კობახიძეს ივანიშვილი მოიშორებს და ამ მიმართულებით მუშაობს. თუ ეს მოხდება, იმედი აქვს, რომ მასაც შეიწყალებს , - ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის წერილთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც მან ციხიდან დღეს გამოგზავნა.

ძაბირაძის თქმით, ღარიბაშვილს „ქართულ ოცნებაში“ მხარდამჭერები ჰყავს, რომლებიც ახლა ხმის ამოღებას ვერ ბედავენ და მაშინ გაბედავენ ხმამაღლა ლაპარაკს, როცა ჩათვლიან, რომ საფრთხე აღარ ემუქრებათ.

ძაბირაძის შეფასებით, ისინი ღარიბაშვილის რა იდეოლოგიური, არამედ ფინანსური მომხრეები არიან, ანუ ის ადამიანები, რომლებიც ყოფილი პრემიერ-მინისტრისგან სარგებელს ნახულობდნენ.

„ღარიბაშვილის წერილების მთელი პათოსი მიმართულია იქითკენ, რომ რაღაცნაირად ბიძინა ივანიშვილის ყურადღება მიიპყროს და მიიღოს შეწყალება. ანუ თავი დააღწიოს პატიმრობას, თორემ რაც არ უნდა პოლიტიკაზე ილაპარაკოს ამ წერილებში, მას არცერთ გზავნილში სიტყვაც არ უთქვამს, ის ექვსი მილიონი, სახლში რომ ჯიბის ფულად ჰქონდა, საიდან ან როგორ გაჩნდა.

ამ ქვეყანაში კორუფცია სულ იყო და სულ იქნება და ეს სამწუხარო რეალობაა, ჯერჯერობით ვერ ვხედავ იმის გზებსა და საშუალებებს, რომ ამ პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ კორუფციას თავი დავაღწიოთ.

ასე რომ, ღარიბაშვილი რას ილაპარაკებს, დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მცდელობა არის ერთი - მან ჩათვალა, რომ დგას მომენტი, როდესაც კობახიძეს ივანიშვილი მოიშორებს და ამ მიმართულებით მუშაობს. თუ ეს მოხდება, იმედი აქვს, რომ მასაც შეიწყალებს.

არა მგონია, რომ ღარიბაშვილი ივანიშვილს დაუპირისპირდეს. მაინც ვფიქრობ, რომ მთელი ეს ეპისტოლური ჟანრი ღარიბაშვილის მხრიდან ემსახურება მხოლოდ ერთ რამეს, რომ როგორმე თავი დააღწიოს პატიმრობას. „ქართული ოცნების“ შიგნით არსებობს რაღაც ჯგუფი, რომელიც მას მხარს უჭერს. ის ხალხი, ვინც მიბმული იყო ღარიბაშვილთან, იქიდან სარგებელს ნახულობდა და ახლა შეიძლება ბორტს მიღმა აღმოჩნდეს, რა თქმა უნდა, ახლა ღარიბაშვილს უჭერს მხარს, ოღონდ არ მგონია, რომ მათაც კი ხმამაღლა თქმა გაბედონ. ისინი ხმამაღლა დაილაპარაკებენ მაშინ, როდესაც ჩათვლიან, რომ ამით მათ საფრთხე არ ემუქრებათ.

ღარიბაშვილს იდეოლოგიური მომხრეები არ ჰყავს. მას ჰყავს ფინანსური მომხრეები, ანუ ისინი, ვინც მისგან სარგებელს ნახულობდა. რიჟვაძის ფაქტორია ძალიან საინტერესო ამ მხრივ - როგორც კი მტრად შერაცხეს, არცერთი ძმაკაცი, არცერთი მეგობარი, აღარავინ აღარ დარჩა.

ივანიშვილსაც მხარს უჭერენ მანა, სანამ მისგან სარგებელს იღებენ. როცა მისგან სარგებელი აღარ იქნება, არც არაფერი აღარ იქნება“, - განაცხადა ძაბირაძემ.