ლაშა ტუღუში - თუ მართლა IRI -ის კვლევაა, ძალიან საგანგაშოა ოპოზიციისთვის, მაგრამ არც ხელისუფლების მდგომარეობაა სახარბიელო - შეცდომები, რომელსაც უშვებენ და ტკივილი, რომელსაც მოქალაქეებს აყენებენ, ზვავივით მოვარდება - Palitra News

ლაშა ტუღუში - თუ მართლა IRI -ის კვლევაა, ძალიან საგანგაშოა ოპოზიციისთვის, მაგრამ არც ხელისუფლების მდგომარეობაა სახარბიელო - შეცდომები, რომელსაც უშვებენ და ტკივილი, რომელსაც მოქალაქეებს აყენებენ, ზვავივით მოვარდება

2026-09-29 21:40:57+04:00

თუ სურათი მართალია, რომ ოპოზიცია ასე წაქცეულია, ეს ხელისუფლებისთვის მომგებიანია, მაგრამ არც მათი მდგომარეობაა სახარბიელო , - ასე ეხმაურება “ლიბერალური აკადემიის“ ხელმძღვანელი, ლაშა ტუღუში „თავისუფალი ხალხის პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის, ალექსანდრე რაქვიაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „IRI-ს კვლევით, „ქოცებს“ 36% აქვთ და ოპოზიციას ჯამში, ორჯერ ნაკლები, „ლელო“ კი საერთოდ არ იზომება“.

„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ ლაშა ტუღუშმა განაცხადა, რომ შედეგები მეტყველებს იმაზე, რომ საზოგადოება დაიღალა იმ პროცესით, რომლის შედეგს ვერ ხედავს.

„თუ მართლა მათი კვლევაა, ძალიან საგანგაშოა ოპოზიციისთვის. მე მახსოვს იაგო კაჭკაჭიშვილის მიერ არჩევნების წინ გაკეთებული კვლევა და კიდევ სხვა კვლევებიც, სადაც ოპოზიციას ჰქონდა მეტი ხმა, „ქართული ოცნება“ იქაც მესამედის, 30%-ის ფარგლებში იყო. თბილისში იატაკის ქვემოთ იყო, რომ ებრძოლა [ოპოზიციას] არჩევნებისთვის, თუ სწორად იბრძოლებდნენ, ჰქონდათ შანსი. ახლა ბევრად გაუარესებული ვითარებაა. თუ ეს სწორია, ეს მეტყველებს იმაზე, რომ საზოგადოება დაიღალა, დაიღალა იმ პროცესით, რომლის შედეგს ვერ ხედავს. ეს არ არის ის ვითარება, როდესაც შეიძლება სტრატეგიული მოთმინება მოსთხოვო რიგით მოქალაქეს. ეს შეიძლება მოსთხოვო ქვეყანას და პოლიტიკაში ძალიან მომზადებულ ჯგუფს, ვინც იცის. ისინი ისე ხედავენ, როგორც მოჭადრაკე ხედავს. მაგრამ რიგით მოქალაქეს კონკრეტული სწრაფი ინტერესები აქვს, მოკლევადიანი ინტერესები. ყოველთვის გაბრაზებული ვერ იქნება, ამიტომ მას სჭირდება ისეთი ტიპის პროცესები ოპოზიციური პარტიებიდან, რომელიც მას დაანახებს, რომ მის ცხოვრებასთან არის ეს დაკვირვებული და მის საჭირბოროტო საკითხებს ეხება.

თუ ეს სურათი მართალია, რომ ოპოზიცია ასე წაქცეულია, ეს ხელისუფლებისთვის მომგებიანია, მაგრამ არც მათი მდგომარეობაა სახარბიელო. შეცდომები, რომელსაც ისინი უშვებენ, რომელსაც ყველა ხედავს, ყალბი რიტორიკა, დაპირებები, რომელიც არ სრულდება, ის ტკივილები, რომელსაც მოქალაქეებს აყენებენ სკოლებში, საბავშვო ბაღებში, უნივერსიტეტებში, სოფლებში, მთაში, ბარში, საბოლოო ჯამში როგორ იქნება იცით? ეს ზვავივით მოვარდება“, - განაცხადა ლაშა ტუღუშმა.SS.GE