პატიმრობაში მყოფმა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მორიგი ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ის მისი პრემიერობის მეორე ვადის პერიოდს აფასებს. ღარიბაშვილი საზოგადოებას 2021-2024 წლებში ქვეყანაში არსებულ ვითარებას ახსენებს და ყურადღებას ეკონომიკურ და პოლიტიკურ შედეგებზე ამახვილებს. ის წერს გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ განვითარებულ პოლიტიკურ კრიზისზე, ორნიშნა ეკონომიკურ ზრდასა და საგარეო მიმართულებით მიღწეულ შედეგებზე. ექსპრემიერი ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებასაც უსვამს ხაზს. ამასთან, ღარიბაშვილი გიორგი გახარიას მის გადადგომასთან დაკავშირებით ღალატში სდებს ბრალს. წერილის ბოლოს ყოფილი პრემიერი საზოგადოებას ეკითხება, გაუმჯობესდა თუ გაუარესდა მისი ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა. ღარიბაშვილის ეს განცხადება პოლიტიკურ სპექტრში აქტიური განხილვის საგნად იქცა.