„ქართულ ოცნებაში“ პოზიტიური მოლოდინი აქვთ საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენასთან დაკავშირებით. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, მას დონალდ ტრამპთან და მარკო რუბიოსთან შეხვედრის შესაძლებლობა ჰქონდა. „ქართულ ოცნებაში“ ამ ფაქტს ურთიერთობების გადატვირთვისთვის დადებით სიგნალად აფასებენ და აცხადებენ, რომ ამისთვის მზად არიან. ხელისუფლების პოზიციით, შემდეგი ნაბიჯი ვაშინგტონმა უნდა გადადგას. ოპოზიციაში კი პასუხისმგებლობას კვლავ მმართველ გუნდს აკისრებენ. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ურთიერთობების გაუმჯობესებას „ქართული ოცნების“ მხრიდან რიტორიკის შეცვლაც დასჭირდება.