რუსეთ-უკრაინის ომში საბრძოლო მოქმედებები კვლავ ინტენსიურად გრძელდება. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ფრონტის ხაზზე 127 საბრძოლო შეტაკება დაფიქსირდა. ყველაზე აქტიური პოკროვსკის მიმართულება იყო. პარალელურად, უკრაინული ძალები რუსეთის სამხედრო ობიექტებზე დარტყმებს განაგრძობენ. უკრაინის მხარის ცნობით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე დრონების საცავი და საბრძოლო მასალის რამდენიმე საწყობი განადგურდა. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა დამატებითი მობილიზაციის პროცესი უკვე დაიწყო. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, არსებული ვითარების ფონზე ქვეყნისთვის მთავარ ამოცანად თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება რჩება.