ეროვნული ბანკი ამ ცვლილებით აღიარებს, რომ ლარს აღარ აქვს ისეთი ძალა, როგორიც ჰქონდა, რაც თავისთავად გამოიწვია ინფლაციამ და ლარის მსყიდველობითი უნარის გაუფასურებამ - ეროვნული ბანკი რომ ამ ზღვარს ზრდის, პოლიტიკურად კარგი არ არის „ქართული ოცნებისთვის“, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელმა გიორგი კეპულაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც ფიზიკური პირებისთვის სესხების გაცემის წესი გამკაცრებას გამოეხმაურა.
კეპულაძის შეფასებით, ეროვნული ბანკი ადეკვატურად მიუდგა ამ გამოწვევას - აღიარა რომ ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაუარესდა ლარი და მისი მსყიდველობითი უნარი და კონსერვატიულად საკმაოდ მკაცრად დაუპირისპირდა შესაძლო ჭარბვალიანობის პრობლემას.
„ხელფასების ზრდა გამოწვეული იყო ინფლაციით. ინფლაცია გაიზარდა ქვეყანაში და შესაბამისად, ადამიანებს დასჭირდათ უფრო მეტი ფული. ამან გამოიწვია ის, რომ როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორში აუცილებელი გახდა ხელფასების ზრდა. ასევე ხელფასების ზრდა და ზოგადად ამ კოეფიციენტის ზრდა უკავშირდება მსყიდველობითი უნარის შემცირებას. ის 1500 ლარი, რომელიც იყო ზღვარი და რომელიც მომავალი წლიდან აღარ იქნება, თავისთავად ვეღარ არის იმ მსყიდველუნარიანობის, რაც მას ჰქონდა, როდესაც ეს ცვლილება შემოვიდა, 2018 წლიდან შეიცვალა ეს კოეფიციენტები. ანუ ის 1500 ლარი, ეროვნული ბანკის გაანგარიშებით, დაახლოებით, 2500 ლარია დღევანდელი. შესაბამისად, ის რისკი, გამოჩნდა, რომ თუ პირობითად 2000- ლარიან ხელფასზე ზემოთ ადამიანს შეეძლო, რომ 1000 ლარი სესხში ან სესხებში მიემართა ყოველთვიურად, ახლა ამ დარჩენილი 1000 ლარით ადამიანი თვიდან თვემდე, მით უმეტეს ოჯახი, თავს ვერ გაიტანს. ეს რისკი დაინახა ეროვნულმა ბანკმა, რომ ამას შეიძლება მოჰყვეს სესხების ვერ გადახდა და აუცილებლად მიიჩნია ამ ზღვრის გაზრდა, რაც თავისთავად შეამცირებს სესხების მოცულობასაც. ამას ითვალისწინებს სწორედ ეს ცვლილება, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მიზეზი არის ინფლაცია და შესაბამისად ლარის მსყიდველობითი უნარის შემცირება, რაც აღიარა კიდეც ეროვნულმა ბანკმა“, - განაცხადა კეპულაძემ.
მისი თქმით, აქ ჩნდება კითხვა, რომ თუ სახელმწიფო და ეროვნული ბანკი ლარის მსყიდველუნარიანობა შემცირდა, რატომ არ ცვლის თუნდაც დღგ-ს 100 ათას ლარიან ზღვარს.
„თუ, პირობითად, ეროვნული ბანკი ხედავს, რომ ის 1500 ლარი დღეს აღარ არის იმ მსყიდველობითი უნარის, რატომ არ ცვლის მთავრობა, მაგალითად, დღგ-ს 100 ათას ლარიან ზღვარს, რატომ არ ცვლის, პირობითად, განბაჟების 300-ლარიან ზღვარს უცხოეთიდან გამოწერილ ან ჩამოსულ პროდუქციაზე. მთავრობამაც უნდა გაითვალისწინოს, რომ როდესაც ის იღებდა გარკვეულ საგადასახადო ცვლილებებს, მაშინ ის 300 ლარი თუ დღგ-ს 100 ათასი ლარი სხვა ფული იყო და დღეს საერთოდ სხვა ღირებულება აქვს. ამიტომ ეროვნული ბანკი ადეკვატურად მიუდგა ამ გამოწვევას, აღიარა, რომ ბოლო 7 თუ 8 წელიწადში მნიშვნელოვნად გაუარესდა ლარი და მისი მსყიდველობითი უნარი. პირობითად, ადამიანს თუ 2000-ლარიანი შემოსავალი აქვს თუ მას მივცემთ დიდ სესხს, რომელზეც ყოველთვიურად ისეთი თანხის გადახდა მოუწევს, რომელსაც ვერ გასწვდება, თავისთავად შესაძლებელია ამან სასესხო პორტფელის გაფუჭება გამოიწვიოს და ყოველთვიურად კიდევ უფრო მეტი პრობლემური მსესხებელი გაჩნდეს. ამიტომ, ეროვნული ბანკი კონსერვატიულად საკმაოდ მკაცრად უდგება ამ ჭარბვალიანობის პრობლემას და აღიარებს იმასაც, რომ აღარ აქვს ის ძალა ერთ ლარს, რაც ადრე ჰქონდა.
აქ ფინანსური განათლება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და ჩემი ორგანიზაცია და მე პირადა ძალიან ბევრს ვმუშაობთ, რომ ბევრმა ადამიანმა გაიგოს საბაკო პროდუქტების შესახებ, მათი ბიუჯეტის დაგეგმვის შესახებ, მაგრამ ამას შედეგი მოაქვს გრძელ ვადაში. ეროვნული ბანკი ვერ დაელოდება იმას, რომ ქართველმა მომხმარებლებმა ისწავლონ ყოველთვიური ბიუჯეტის დაგეგმვა და საკუთარი შესაძლებლობების სწორად განსაზღვრა. ეროვნულ ბანკს უწევს გადაწყვეტილებების მიღება მიმდინარე და მოსალოდნელი გამოწვევებიდან გამომდინარე. ეროვნული ბანკი ამ ზღვარს რომ ზრდის, ეს პოლიტიკურად „ქართული ოცნებისთვის“ კარგი არ არის, იმიტომ რომ, ესე იგი ლარს აღარ აქვს ის მსყიდველუნარიანობა და აღიარებს სახელმწიფო, რომ ფასები გაზრდილია მნიშვნელოვნად. ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილება იმ რიცხვებიდან გამომდინარე, რაც ხელში უჭირავს ეროვნულ ბანკს და პორტფელის შესაძლო გაუარესების თავიდან ასაცილებლად, რა თქმა უნდა, საჭირო იყო ასეთი გადაწყვეტილების მიღება ამ ეტაპზე“- განაცხადა გიორგი კეპულაძემ.
ცნობისთვის, ფიზიკური პირების დაკრედიტების წესში ცვლილებები შედის. საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, ცვლილება ეხება სესხის მომსახურების კოეფიციენტს.
კერძოდ, თუ აქამდე სესხის მომსახურების კოეფიციენტის 25%-იანი მოთხოვნა 1 500 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებზე ვრცელდებოდა, ახალი გადაწყვეტილებით 2027 წლის 1-ელი თებერვლიდან ეს ზღვარი ჯერ 2 000 ლარამდე იზრდება, შემდეგ კი უკვე 2 500 ლარამდე.
ეროვნული ბანკი ცვლილებას უკანასკნელ წლებში მაღალი ეკონომიკური ზრდითა და შედეგად გაზრდილი ხელფასებით ხსნის და ამბობს, რომ არსებული ფიქსირებული ზღვრები სათანადოდ ვეღარ ასახავს მსესხებლების შემოსავლების მიმდინარე განაწილებასა და ვალის ტვირთს.