ველისციხეში მშობლებმა და პედაგოგებმა, რომლებიც სკოლის დახურვას აპროტესტებენ, გზის გადაკეტვა სცადეს, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა - ისინი განათლების სამინისტროს წარმომადგენლის ჩასვლას ითხოვენ - Palitra News

ველისციხეში მშობლებმა და პედაგოგებმა, რომლებიც სკოლის დახურვას აპროტესტებენ, გზის გადაკეტვა სცადეს, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა - ისინი განათლების სამინისტროს წარმომადგენლის ჩასვლას ითხოვენ

2026-09-30 19:04:05+04:00

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. პროტესტი სოფელში არსებული სკოლის დახურვას მოჰყვა.

საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლებმა და პედაგოგებმა სკოლის გახსნის მოთხოვნით გზის გადაკეტვა სცადეს, თუმცა პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა.

მშობლები და პედაგოგები სწავლის გაგრძელებას მოითხოვენ, ძველი სკოლის ეზოში არსებულ მეორე შენობაში.

„ეს არის წარმოუდგენელი. სად უნდა ვიაროთ, სად მივაღებინო განათლება? სასწავლო პროცესი დაიწყო და ასე ვართ გაკვეთილების გარეშე. ონლაინ რა უნდა ისწავლო”, - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

მათივე თქმით, სკოლა ონლაინ სწავლებაზე მას შემდეგ გადავიდა, რაც რეაბილიტაციის მიზეზით მოსწავლეები შენობიდან გაიყვანეს, გურჯაანის მერიამ მოსწავლეების სხვა სკოლაში ტრანსპორტირების საკითხი კი დროულად ვერ მოაგვარა.

აქციის მონაწილე მშობლები ასევე ექსპერტიზის იმ დასკვნას ითხოვენ, რომლის საფუძველზეც შენობის ერთი ნაწილის დემონტაჟი იგეგმება. ისინი განათლების სამინისტროს წარმომადგენლის ჩასვლას და კითხვებზე პასუხის გაცემას ელოდებიან.

ადგილზე იმყოფებოდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი. გიორგი მაჭავარიანის განმარტებით,მერიამ უკვე უზრუნველყო მოსწავლეების ტრანსპორტირების საკითხი და სწავლას გააგრძელებენ გურჯაანის მეოთხე საჯარო სკოლაში, სადაც საგაკვეთილო პროცესი მეორე ცვლაში ჩაუტარდებათ.

ველისციხის საჯარო სკოლაში 500 მოსწავლეა რეგისტრირებული. მათ სკოლის დემონტაჟის შესახებ ახალი სასწავლის წლის დაწყებიდან რამდენიმე დღეში მიიღეს ინფორმაცია.