ვლადიმერ ჩაჩიბაია - დავრჩით პარტნიორების გარეშე - იყო ირანის ელჩისა და აზერბაიჯანის განცხადებები, რაშიც დარწმუნებული ვარ, მოსკოვის ხელი ურევია - „ქართული ოცნების“ ვითომ ზომიერი პოლიტიკის შედეგად მათთვის გამოუვალი მდგომარეობა დადგება - Palitra News

ვლადიმერ ჩაჩიბაია - დავრჩით პარტნიორების გარეშე - იყო ირანის ელჩისა და აზერბაიჯანის განცხადებები, რაშიც დარწმუნებული ვარ, მოსკოვის ხელი ურევია - „ქართული ოცნების“ ვითომ ზომიერი პოლიტიკის შედეგად მათთვის გამოუვალი მდგომარეობა დადგება

2026-09-30 19:41:52+04:00

იყო განცხადებები აზერბაიჯანის მხრიდან, ირანის ელჩის მხრიდან, სადაც აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთის ხელი ურევია - ასეთი პროცესები ვითარდება რუსეთის სპეცსამსახურების ხელშეწყობით , - ამის შესახებ „ანტიანექსიურ პლატფორმის“ წევრმა, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.

ვლადიმერ ჩაჩიბაიას თქმით, რუსეთის ინტერესია, რომ საქართველოს იზოლირება მოხდეს ევროპის, ამერიკისა და ჩინეთისგანაც.

„რუსეთის ინტერესში იქნება, რომ საქართველოს იზოლირება მოხდეს არა მხოლოდ ევროპისგან და ამერიკისგან, ასევე, თუნდაც ჩინეთიდან. ჩვენ კი გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა, მაგრამ პრაქტიკულ დონეზე არაფერი ხდება, რადგან რომ რუსეთის ინტერესში არ არის საქართველოს პარტნიორობა რომელიმე მხარესთან, ეს იქნება დასავლეთი, აღმოსავლეთი თუ სამხრეთი. აინტერესებთ მხოლოდ ის, რომ კორიდორი, რომელიც აკავშირებს აზიას ევროპასთან, ჰქონდეს სრული კონტროლი ისე, რომ არც გაითვალისწინოს ამ ქვეყნის გეოპოლიტიკური ინტერესი.

ჩვენ ვხედავთ, რა ვითარებაში აღმოვჩნდით. დარჩენილები ვართ პარტნიორების გარეშე. იყო განცხადებები აზერბაიჯანის მხრიდან, ირანის ელჩის მხრიდან, სადაც აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთის ხელი ურევია. რა კონსპირაციაა ამის მიღმა ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ ეს ჩემი ადამიანური ეჭვია, რომ ასეთი პროცესები ვითარდება რუსეთის სპეცსამსახურების ხელშეწყობით“, - განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.

ვლადიმერ ჩაჩიბაიას განცხადებით, არ მოსწონს რუსეთსა და საქართველოს ურთიერთობის დინამიკა, როდესაც გადამეტებით ხდება დაბალანსების, რეგულირების პროცესი.

„ევროპა და ამერიკა იყვნენ, როდესაც საქართველოს ყველაზე მეტად უჭირდა ეკონომიკურად, ჰუმანიტარულად ეხმარებოდნენ.

არ მომწონს ის დინამიკა, რუსეთთან გადამეტებით ხდება დაბალანსების, რეგულირების პროცესი. რუსეთთან უნდა ვისაუბროთ, რა თქმა უნდა, ეს აუცილებელია, რუსეთთან საჭიროა ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით პრაგმატული თანამშრომლობა, მაგრამ ამერიკელებს აქვთ ასეთი გამოთქმა, როდესაც მოლაპარაკებებს აწარმოებ, „შენც მოგებული უნდა დარჩე და მეც მოგებული უნდა დავრჩე“. მე რასაც ვუყურებ, საქართველოს მოგებას ამ ურთიერთობებში ვერ ვხედავთ. ომის დაწყების პერიოდში საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, იყო სანქციებთან დაკავშირებით მოთხოვნები. საქართველო სანქციებში მოხვდა რუსეთის გამო და რუსეთის მხრიდან არამც თუ პოზიტიური ნაბიჯი გადაიდგა, არამედ ჩვენ ვხედავთ ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებს. ამის ნათელი მაგალითია ის პროცესები, რომელიც ვითარდება აფხაზეთში და სამაჩაბლოში. დღეს იყო ინაუგურაცია სამაჩაბლოში, სადაც რუსეთის მოქალაქე აირჩიეს პრეზიდენტად. ეს კიდევ ერთი ნაბიჯი და გამოვლინებაა ანექსიისა. მისი წინამორბედი რუსეთის პრეზიდენტის მრჩევლადაა და ღიად განაცხადა, რომ იმუშავებს სამხრეთ ოსეთის რუსეთთან დაახლოებაზე. სახეზე გვაქვს არა მადლობა, არამედ აბსოლუტური იგნორი რუსეთის მხრიდან და ეს არის სამწუხარო. ჩვენ დავარღვიეთ ის ბალანსი, რომელსაც თუნდაც შევარდნაძე აღწევდა საგარეო პოლიტიკის წარმართვის პროცესში. მე სულაც არ მინდა იმის თქმა, რომ „ოცნება“ ცდილობს რუსეთს ჩაუგდოს საქართველო ხელში, უბრალოდ, ამ ვითომ ზომიერი პოლიტიკის შედეგად მათთვის გამოუვალი მდგომარეობა იქნება “, - განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.