ზუსტად ერთი წელი სრულდება რეფორმის დაანონსებიდან და მივიღეთ კატასტროფული მდგომარეობა. აუცილებლად მოეკითხებათ ამ ადამიანებს იმიტომ, რომ დღეს აღარ გვაქვს არანაირი ნარკოპოლიტიკა , - ამის შესახებ ნარკოლოგმა და პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ სიხარულიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
ზურაბ სიხარულიძის განცხადებით, პირადად ჯანდაცვის მინისტრი ნარკომოხმარების პრობლემის იგნორირებას ახდენს.
„სიტუაცია არის უმძიმესი. დღე არ გავა, რომ ზედოზირების ახალი შემთხვევები არ იყოს. სიკვდილი, რეანიმაცია, ფსიქიატრიული საავადმყოფო, ფსიქოზი, ინტოქსიკაცია და ა.შ. ყველას სიკვდილზე დღეს პასუხისმგებელია „ქართული ოცნება“. პირადად ჯანდაცვის მინისტრი საერთოდ იგნორირებას ახდენს ამ თემის. ზუსტად ერთი წელი სრულდება რეფორმის დაანონსებიდან და მივიღეთ კატასტროფული მდგომარეობა. აუცილებლად მოეკითხება ამ ადამიანებს იმიტომ, რომ დღეს აღარ გვაქვს არანაირი ნარკოპოლიტიკა.
ზედოზირება იყოს ნაკლები იყოს, ზიანი, რომელიც მოაქვს ნარკოტიკს, იყოს ნაკლები, ნარკოტიკებზე შემცირდეს მოთხოვნა - ამაზე პასუხისმგებელი სახელმწიფოა. ამისთვის არსებობს მსოფლიოში აპრობირებული მექანიზმები, რომელსაც უნდა აკეთებდეს სახელმწიფო იმისათვის, რომ შეაჩეროს და შეამციროს [ნარკომოხმარება] ამას კი არ აკეთებენ, თვითონ არიან ჩართული ამ ბიზნესში. 53 მილიონი ლარის სააფთიაქო ნარკოტიკი გაყიდეს კომპანიებმა, რომელსაც ლობირებდა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, რომელიც დაჭერილია. მეორე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, რომელიც ასევე დაჭერილია, ასევე, ჩართული იყო სააფთიაქო ნარკომანიის და ზოგადად ამ სისტემის არსებობაში“, - განაცხადა ზურაბ სიხარულიძემ.