2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვარიანტის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა 32 071,5 მლნ ლარს შეადგენს, რაც 2026 წლის დამტკიცებულ გეგმას 1 190,1 მლნ ლარით აჭარბებს - Palitra News

2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვარიანტის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა 32 071,5 მლნ ლარს შეადგენს, რაც 2026 წლის დამტკიცებულ გეგმას 1 190,1 მლნ ლარით აჭარბებს

2026-10-01 10:18:32+04:00

2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვარიანტის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა 32 071,5 მლნ ლარს შეადგენს, რაც 2026 წლის დამტკიცებულ გეგმას 1 190,1 მლნ ლარით აჭარბებს.

ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, 2027 წელს გაზრდილია რამდენიმე სამინისტროს დაფინანსება. მათ შორის: მიმდინარე წლის გეგმასთან შედარებით, 811,2 მლნ ლარით გაზრდილია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები და განისაზღვრა 10 479,8 მლნ ლარით.

2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 225,8 მლნ ლარით იზრდება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება და 2 928,0 მლნ ლარი იქნება.

დოკუმენტის თანახმად, კულტურის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრება 370,0 მლნ ლარით, სპორტის სამინისტროს დაფინანსებაზე კი გამოყოფილია 382 მლნ ლარი.

რაც შეეხება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებას 3 296,9 მლნ ლარია გათვალისწინებული, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 1 015,0 მლნ ლარს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის კი გათვალისწინებულია 1 457,0 მლნ ლარი.

მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 145,0 მლნ ლარს. იუსტიციის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 490,4 მლნ ლარი. საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 232,8 მლნ ლარი. თავდაცვის სამინისტროსთვის კი გათვალისწინებულია 1 965,0 მლნ ლარი.

მომდევნო წელს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 1 680,0 მლნ ლარის დაფინანსება, რომელშიც გათვალისწინებულია პოლიციელთა ხელფასების ზრდა.