ესტონეთმა თავისი ტერიტორიის გავლით რუსეთიდან და ბელარუსიდან მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა, - ინფორმაციას ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა ავრცელებს.
„რუსეთი თავს ესხმის უკრაინულ პორტებს, უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს ბლოკავს და თავისი მარცვლეულისთვის ახალ მარშრუტებს ეძებს. ესტონეთი ამ მარშრუტს არ უზრუნველყოფს“, - წერს ცაჰკნა X-ზე.
მისი თქმით, ბალტიისპირეთის ქვეყნები ერთობლივად მუშაობენ იმის უზრუნველსაყოფად, რომ მათი პორტები რუსეთისთვის სატრანზიტო მარშრუტები არ გახდნენ.
„რუსეთს არ შეუძლია აგრესიული ომი აწარმოოს და მოლოდინი ჰქონდეს, რომ ჩვენ მის სავაჭრო ნაკადებს მხარს დავუჭერთ. ჩვენ მისი ომის დაფინანსებას ხელს არ შევუწყობთ და მას აგრესიის შენარჩუნებას არ გავუადვილებთ“, - აცხადებს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.