რუბლში დეპოზიტების ახალი რეკორდი მოიხსნა - Palitra News

რუბლში დეპოზიტების ახალი რეკორდი მოიხსნა

2026-10-01 13:42:07+04:00

რუბლში დეპოზიტების ახალი რეკორდი მოიხსნა. საქართველოს კომერციულ ბანკებში დაახლოებით, 3.8 მლრდ რუსული რუბლი ინახება. ეს საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებია, რომლის თანახმადაც, 2026 წლის აგვისტოს მდგომარეობით, რუბლში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა 123 მილიონ 250 ათასი ლარია, რაც არსებული კურსით თითქმის 3 მილიარდ 800 მილიონ რუბლს უდრის. ეს კი ახალი რეკორდული მაჩვენებელია და მნიშვნელოვნად გაზრდილია როგორც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან, ასევე მიმდინარე წლის ივლისთან შედარებით. აღსანიშნავია, რომ ქართულ ბანკებში რუსული რუბლით განთავსებული დეპოზიტების ზრდა 2022 წლის ივლისიდან იწყება. მაშინ, ერთ თვეში, რუბლის ანაბრებმა 177%-ით მოიმატა. კერძოდ, საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, თუ 2022 წლის ივნისში ქართულ ბანკებში სულ განთავსებული იყო დაახლოებით 18 მლნ ლარის მოცულობის რუბლის დეპოზიტი, უკვე ივლისში ეს თანხა 49 მილიონ 591 ათას ლარამდე გაიზარდა. სებ-ის სტატისტიკის მიხედვით, შემდეგ თვეებში რუბლში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა შემცირების ტრენდს აჩვენებდა, თუმცა 2023 წლის ივლისიდან ისევ ზრდა დაიწყო. ყველაზე მაღალ მაჩვენებელს კი, რა თქმა უნდა ამ დრომდე, 2025 წლის მარტში მიაღწია, იმ პერიოდში ქართულ ბანკებში 121 მლნ ლარზე მეტი რუბლის დეპოზიტი ინახებოდა. მომდევნო თვეების განმავლობაში რუბლის დეპოზიტების მოცულობა ისევ შემცირდა, თუმცა 2026 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით 25%-ით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი თითქმის 160%-ით გაიზარდა. მართალია, რუბლში განთავსებული დეპოზიტები მთლიანი ანაბრების მხოლოდ 0.16%-ს შეადგენს, თუმცა როგორც მონაცემებიდან ჩანს, ზრდის ტენდენციით ხასიათდება.