იანვრიდან ხელფასებისა და პენსიის ზრდა იგეგმება. 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირვანდელი ვერსიის თანახმად, მომავალი წლიდან, საჯარო სექტორში საბაზო თანამდებობრივი სარგო იზრდება და 1 735 ლარი ხდება. ამის შედეგად საჯარო სექტორში დასაქმებულ პირთა ხელფასები - 8,4%-მდე, შრომის ანაზღაურების ფონდი კი 395 მილიონი ლარით გაიზრდება. როგორც ფინანსთა სამინისტრო განმარტავს, საჯარო სექტორში საბაზო თანამდებობრივი სარგო, კერძო სექტორში, ბოლო 4 კვარტალში გაზრდილი ხელფასების შესაბამისად იზრდება და ეს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე ხდება. რაც შეეხება სოციალურ საკითხებს - 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით მოემატებათ და 555 ლარი გახდება, იგივე ასაკობრივი კატეგორიის, მთიან რეგიონში მცხოვრებ პენსიონერებს, პენსია 665 ლარამდე გაეზრდებათ. 70 წელს ქვემოთ პირების შემთხვევაში კი პენსია მხოლოდ 20 ლარით მოიმატებს. იგივე პროპორციით სოციალური გასაცემლების ზრდა იგეგმება შშმ პირებისთვისაც. აღსანიშნავია, რომ ეს არის 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი, რომელიც შესაძლოა, დამტკიცებამდე დაკორექტირდეს, ჯამური შემოსულობების ზრდას 37 მილიარდ 531 მილიონ ლარამდე ითვალისწინებს, რაც 2026 წლის საპროგნოზო მაჩვენებელს 1 მილიარდ 526 მილიონი ლარით აღემატება. აქვე ვიტყვი, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით იზრდება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგოც, მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარის, მისი მოადგილეების, კომიტეტების თავმჯდომარეებისა და მთლიანად პარლამენტის წევრების ხელფასი. მხოლოდ რამდენიმე მონაცემს მოვიყვან: პრეზიდენტის და პრემიერის ხელფასი თანაბარი 17 350 ლარი იქნება თვეში, საშემოსავლოს გამოკლებით, ხელზე ასაღები ანაზღაურება 13 880 ლარი გამოსდით. მინისტრების 14 747, ხელზე 20%-ით ნაკლებს აირებენ. პარლამენტარებს კი ხელფასი 13 880 ლარი ექნებათ, თუმცა მათაც დაუქვითავენ 20%ს