ანა წითლიძე - დღევანდელი აქცია არ იქნება აქცია, რომელიც ჩატარდა და მორჩა - პირიქით, ეს აქცია უნდა იყოს დასაწყისი იმის, რომ ქვეყანაში მასშტაბიანი აქციები დაიწყოს - Palitra News

ანა წითლიძე - დღევანდელი აქცია არ იქნება აქცია, რომელიც ჩატარდა და მორჩა - პირიქით, ეს აქცია უნდა იყოს დასაწყისი იმის, რომ ქვეყანაში მასშტაბიანი აქციები დაიწყოს

2026-10-01 15:09:15+04:00

დღევანდელი აქცია არ იქნება აქცია, რომელიც ჩატარდა და მორჩა - პირიქით, ეს აქცია უნდა იყოს დასაწყისი იმის, რომ ქვეყანაში მასშტაბიანი აქციები დაიწყოს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებაზე“ წნეხის მოხდენის ერთადერთი გზა აქციებია.

ამასთან, წითლიძე დღეს დაანონსებულ აქციაზე საუბრისას აღნიშნავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან წინააღმდეგობაში და კონფრონტაციაში შესვლას არ აპირებენ.

„ჩვენ არ ვაპირებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან წინააღმდეგობაში და კონფრონტაციაში შევიდეთ. ვაპირებთ, რომ ეს აქცია მშვიდად და წყნარად ჩავატაროთ. შინაგან საქმეთა სამინისტრო გაუგებარი მიზეზით ვერ დაგვიშლის, განვახორციელოთ ჩვენი კონსტიტუციური უფლება და მშვიდად და წყნარად შევიკრიბოთ.

ზოგადად, ჩვენ უნდა განვაახლოთ აქციები და ეს აქციები უნდა გადაიზარდოს კიდევ უფრო ფართომასშტაბიან აქციებში. „ნაციონალური მოძრაობა“ აქ თამაშობს მთავარ როლს. ეს აქცია არ იქნება აქცია, რომელიც ჩატარდა და მორჩა. პირიქით, ეს აქცია, უნდა იყოს დასაწყისი იმის, რომ ქვეყანაში მასშტაბიანი აქციები დაიწყოს. ასე ვუყურებთ ჩვენ არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის, არამედ ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებას. ქვეყანას ჰყავს პოლიტიკური პატიმრები, მათ შორის, ჟურნალისტები, აქტივისტები, სტუდენტები. ადამიანებს ტროტუარზე დგომის გამო აკავებენ და ამ პირობებში, ერთადერთი, რითაც შეგვიძლია ჩვენ წნეხი მოვახდინოთ რეჟიმზე ქვეყნის შიგნით, ეს არის აქციები,“ - განაცხადა წითლიძემ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის, ირაკლი ფავლენიშვილის, ინფორმაციით, რიყის პარკში 1-ელ ოქტომბერს დაგეგმილი აქციის ჩატარებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროსგან უარი მიიღეს, თუმცა ამის მიუხედავად, 1-ელ ოქტომბერს, 17:00 საათზე, რიყის დოქებთან მაინც შეიკრიბებიან.