14 წლის მანძილზე ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ თეზისი: “ძალაუფლება რყვნის, ხოლო აბსოლუტური ძალაუფლება აბსოლუტურად რყვნის” , ჭეშმარიტებად ექცია. მე ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი იმას, რომ “ქართული ოცნება” იქნებოდა ხელისუფლებაში და ტროტუარზე სიარულის გამო ადამიანს დაიჭერდნენ , - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრმა, გედევან ფოფხაძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “რეზიუმეში” “ქართული ოცნების” 14-წლიან მმართველობასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
ფოფხაძის შეფასებით, “ქართული ოცნების” 14-წლიანი მმართველობის განმავლობაში ქვეყანაში ძალიან დიდი დეგრადაცია მოხდა.
“რაც 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს რაც მოხდა, იყო ისტორიული ლოგიკიდან გამომდინარე. ალბათ, სამართლიანი იყო ასე რომ მოხდა იმიტომ, რომ ხელისუფლება უნდა შეცვლილიყო, საარჩევნო დემოკრატიის დადასტურება ქვეყანას სჭირდება. უბრალოდ, 14 წლის მანძილზე ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ თეზისი: “ძალაუფლება რყვნის და აბსოლუტური ძალაუფლება აბსოლუტურად რყვნის” ჭეშმარიტებად ექცია.
დღეს აშკარაა, რომ პირველი სამი წელი თუ ჩვენ ვსაუბრობდით დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებზე, დღეს უკვე ამაზე აღარავინ საუბრობს. ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი იმას, რომ “ქართული ოცნება” იქნებოდა ხელისუფლებაში და ტროტუარზე სიარულის გამო ადამიანს დაიჭერდნენ. ვერ ვიფიქრებდი იმას, რომ მომიწევდა შიმშილობა პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით და “ქართული ოცნების” არცერთ პოლიტიკოსს, დეპუტატს და გუნდის არცერთ წევრს არ გაუჩნდებოდა სურვილი, რომ ჩემი მდგომარეობის შესახებ ეკითხა.
14 წლის მანძილზე ძალიან დიდი დეგრადაცია მოხდა და დეგრადაცია ნაბიჯ-ნაბიჯ ხდებოდა. რა თქმა უნდა, ჩვენც შეგვეხო, როცა “კაბელების საქმე” იყო, როცა თუნდაც წინასაარჩევნო პერიოდში ხდებოდა რაღაცები, რაც მორალურად ჩვენ გვეხებოდა. რაფალიანცის თემა პერსონალურად არ მეხეოდა, ბორჯომში ვიყავი არჩევნებში და გურჯაანში რაღაც ტრაგედიას ვიღაც პოლიტიკური სპეკულაციისთვის იყენებს, მე რატომ უნდა დამბრალდეს, მაგრამ ეს იყო საერთო პოლიტიკური სტანდარტის ნაწილი და კიდევ ბევრი სხვა რამ, რაც ამ კამპანიას თან ახლდა.
თუმცა, იქით მხარესაც ბევრი სასაყვედურო იყო. იყო ძალადობაც, იყო პოლიციური ტერორი, უსამართლო სასამართლო. ეს მურუსიძე-ჩინჩალაძეები მართლა “ქართული ოცნების” გამოგონება ხომ არ არის, მემკვიდრეობით მიიღეს.
მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს იმ ხელისუფლებამ, რომლის მიმართაც კრიტიკული ვიყავი და ახლაც არ ვცვლი ჩემს განწყობებს, საარჩევნო დემოკრატიის პრინციპები აღიარა, ქვეყნის სადავეები დათმო და გადააბარა”, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.