საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის, განათლების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, შეთანხმება გაფორმდა. თანამშრომლობის ფარგლებში მხარეები ხელს შეუწყობენ განათლების სისტემაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვას და ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას. დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას, ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელებას, საგანმანათლებლო დაწესებულებებში ქართული და თურქული ენების შესწავლის ხელშეწყობას. თანამშრომლობის ფარგლებში შეიქმნება ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეთანხმებით გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელების პროცესს კოორდინაციას გაუწევს და მიღწეული შედეგების შეფასებაზე იმუშავებს.