მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ თბილისის სააპელაციო სასამართლოში პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლები მის მიმართ სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა და თქვა, რომ ფაქტი დეესკალაციის ოთახში მოხდა. სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ დავითაძის მიმართ არც სექსუალურ და არც სხვა სახის ძალადობას ადგილი არ ჰქონია. უწყებამ გაასაჯაროვა 2025 წლის 21 დეკემბრის ვიდეოკადრები, რომლებშიც, მათი განმარტებით, მსჯავრდებულის დეესკალაციის ოთახში გადაყვანა და იქ ყოფნაა ასახული. პატიმრის დედის თქმით, კადრები სრული არ არის და ბევრი ნაწილი აკლია. ვიდეოჩანაწერები შეისწავლა სახალხო დამცველმა. ლევან იოსელიანის თქმით, დავითაძის მიმართ ფიზიკური ძალადობის ან სხვა სახის არასათანადო მოპყრობის დამადასტურებელი მტკიცებულება ვერ აღმოაჩინა. ლევან იოსელიანის თქმით, დავითაძის მიერ სიტყვიერ შეურაცხყოფასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო სახალხო დამცველის აპარატმა პროკურატურას მიმართა. ომბუდსმენი პროკურატურას მოუწოდებს საზოგადოებას გამოძიების შედეგები შემჭიდროებულ ვადებში წარმოუდგინოს.