რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარ გიორგი დავითაძის შესაძლო სექსუალური ძალადობის საქმეზე საზოგადოებაში განხილვა გრძელდება. დავითაძე ციხის თანამშრომლებს მის მიმართ ძალადობაში ადანაშაულებს, პენიტენციური სამსახური კი ამ ბრალდებას უარყოფს. უწყებამ მომხდარის ამსახველი ვიდეოც გაავრცელა და განაცხადა, რომ კადრებში ძალადობის ფაქტი არ დასტურდება. ვიდეოკადრების გავრცელებას ოჯახის პროტესტი მოჰყვა. დავითაძის დედის თქმით, ჩანაწერი არასრულია და მასში მნიშვნელოვანი დეტალები არ ჩანს. საქმეზე განცხადება სახალხო დამცველმაც გაავრცელა და აღნიშნა, რომ ფიზიკური ძალადობის დამადასტურებელი მტკიცებულება ვერ მოიპოვა. ამ წუთებში ოჯახი და აქტივისტები პენიტენციურ დაწესებულებასთან იკრიბებიან.