გერმანიასა და საქართველოს განსაკუთრებულად ხანგრძლივი ურთიერთობები აკავშირებთ. თუმცა, დღეს გერმანიისა და საქართველოს შორის ურთიერთობებზე საუბარი ასევე, მწუხარების გამოხატვას ნიშნავს იმის შესახებ, თუ რამდენად დაზიანდა ეს ურთიერთობები გასული წლის განმავლობაში,- ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა ბარბარა ფოსმა განაცხადა.
„ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც ბოლო ოცი წლის განმავლობაში საერთაშორისოდ ყველაზე ცნობილ საქართველოს უნივერსიტეტად იქცა, რასაც მხარს უჭერდა დიდი ფინანსური რესურსები, კერძოდ გერმანიიდან და რომელიც, მჭიდროდ თანამშრომლობს გერმანიასთან კვლევით სფეროში, დღეს მისი არსებობა საფრთხის წინაშე დგას“, - განაცხადა ელჩმა.
მისი თქმით, „ოთხივე პოლიტიკური ფონდი, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში მხარს უჭერდნენ საქართველოსა და ქართველ ხალხს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, იძულებული გახდა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო საქმიანობა დროებით შეეჩერებინა. ოთხიდან ორმა ფონდმა ოფისები ორი დღის წინ დახურა“.
„პირადად, როგორც ელჩი, ძალისხმევას არ დავიშურებ, რათა მაქსიმალურად შევინარჩუნო ის, რაც საქართველოსა და გერმანიას შორის არის აშენებული. იქნება ეს სამეცნიერო თანამშრომლობა, სასტიპენდიო პროგრამა თუ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტები. გერმანიის ფედერალური მთავრობა მნიშვნელოვანი რესურსების გამოყოფას გააგრძელებს, რათა ხელი შეუწყოს ურთიერთგაგებას, განსაკუთრებით ჩვენი ქვეყნების ახალგაზრდებს შორის“, - აღნიშნა გერმანიის ელჩმა.