მოლდოვაში საჰაერო სივრცის 6 დარღვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ განცხადებას მოლდოვის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
განცხადების თანახმად, 3 ოქტომბერს ქვეყნის სივრცეში მეექვსე არასანქცირებული შეჭრა დილით უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მასიური თავდასხმის ფონზე მოხდა. დრონი საჰაერო სივრცეში მონაცემთა ანალიზის დროს აღმოაჩინეს.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დრონი მოლდოვის საჰაერო სივრცეში 08:04 საათზე შეიჭრა უკრაინის ოდესის ოლქის სოფელ უდობნოეს მხრიდან და მოლდოვის ტერიტორია 08:05 საათზე დატოვა უკრაინული ქალაქ ბელიაევკას მიმართულებით.
ეს ქვეყნის საჰაერო სივრცის მეექვსე დარღვევაა. მანამდე, 07:45 საათიდან 08:00 საათამდე მონაკვეთში მოლდოვის საჰაერო სივრცის ხუთი დარღვევა დაფიქსირდა. ამ ინციდენტებში ჩართული იყო სამი რაკეტა და ორი დრონი, რომელთა ნამსხვრევები ქვეყნის ოთხ რაიონში ჩამოვარდა.