მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ოჯახი აცხადებს, რომ მან რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში, სავარაუდო ზეწოლის გამო, პროტესტის ნიშნად გაურკვეველი საგანი გადაყლაპა. გიორგი დავითაძე მანამდე ბადრაგების მხრიდან არასათანადო მოპყრობასა და სექსუალურ ძალადობაზე მიუთითებდა. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, მსჯავრდებულმა მცირე საგანი თანამშრომლის თვალწინ და კამერის დასანახად დემონსტრაციულად გადაყლაპა. უწყების ცნობით, მას კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანა შესთავაზეს, თუმცა მან უარი განაცხადა და ამჟამად მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. პენიტენციური სამსახური ოჯახისა და მსჯავრდებულის ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ დავითაძის მიმართ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. ოჯახი კი მომხდარის შესწავლასა და სახალხო დამცველის ჩართულობას ითხოვს.