ევროპელ ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსი და „ევროპული ლიბერალური ფორუმი“ ერთობლივი წერილით კაია კალასსა და მარტა კოსს მიმართავენ და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წინააღმდეგ მიზანმიმართული სანქციების დაწესებას ითხოვენ. ევროპელი პოლიტიკოსების კრიტიკული რეაქცია „ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის“ განცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, საქართველოში საქმიანობის შეწყვეტა ხელისუფლების მიერ საგრანტო განაცხადზე უარის თქმამ გამოიწვია. განცხადებებს მმართველი გუნდის მხრიდან კრიტიკული გზავნილები მოჰყვა. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ უსაფუძვლო სანქციები მათთვის საინტერესო არ არის და საზოგადოებისთვის მუშაობას გააგრძელებენ. ხელისუფლების ოპონენტები კი ამბობენ, რომ საერთაშორისო კრიტიკა, მათ შორის ფონდების საქმიანობის შეჩერება და გერმანიის ელჩის გზავნილები, ხელისუფლების არსებული პოლიტიკის შედეგია.