„გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატი, სოფიო ხორგუანი რუსთავის N6 პენიტენციურ დაწესებულებასთან მსჯავრდებული გიორგი დავითაძის მოსანახულებლად მივიდა.
როგორც მან დაწესებულებაში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ასეთი ამბავი გახმაურდა, საზოგადოება ინფორმაციას უნდა იღებდეს თუ რა მდგომარეობაშია დღეს პატიმარი, თუმცა იმის ნაცვლად, საზოგადოების ინფორმირება ხდებოდეს, სისტემა უფრო მეტად ჩაიკეტა.
„ჩვენ მივმართეთ პარლამენტის თავმჯდომარეს, სამი დეპუტატის შესვლა გვინდოდა, მაგრამ სამწუხაროდ, მხოლოდ ერთ დეპუტატზე მოგვცა ნებართვა პარლამენტის თავმჯდომარემ. ამიტომ მე შევალ. რაც შეეხება თვითონ ფაქტს, რა თქმა უნდა უმძიმესია, მაგრამ კიდევ უფრო მძიმეა ის რეაქცია, რაც აქვს სახელმწიფო. კონკრეტულად პენიტენციურ დაწესებულებას, დეპარტამენტს. როდესაც ასეთი ამბავი გახმაურდა, ჩვენ ყოველ საათში უნდა ვიღებდეთ ინფორმაციას რა მდგომარეობაშია დღეს პატიმარი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. იმის ნაცვლად, რომ საზოგადოების ინფორმირება ხდებოდეს, უფრო მეტად ჩაიკეტა. გარდა ამისა, ის, რომ ის ადამიანები, ვინც მონაწილეობდნენ, ვის წინააღმდეგადაც გამოძიება თითქოს მიმდინარეობს, ისევ რჩებიან თანამდებობებზე და ისევ ასრულებენ უფლებამოსილებას, ესეც ძალიან მძიმე ფაქტია. სულ მცირე იმ ადამიანების უფლებამოსილების შეწყვეტა უნდა მომხდარიყო, ვის მიმართაც გამოძიება მიმდინარეობს და „გამოძიება მიმდინარეობს“ არ შეიძლება დაუსრულებლად, მითუმეტეს როცა ვსაუბრობთ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე.
საქართველოს კანონმდებლობითაც ასეა, როცა საქმე ეხება ისეთ ფაქტებს, რომელიც პირდაპირ უკავშირდება წამებას, არაადამიანურ მოპყრობას, გამოძიება დაუყოვნებლივ, სასწრაფოდ უნდა დასრულდეს. შედეგი უნდა დაიდოს“,- განაცხადა სოფიო ხორგუანმა.
შეგახსენებთ, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, რუსთავის მე-6 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ განცხადება გააკეთა და ბადრაგი გაუპატიურებაში დაადანაშაულა. მისივე თქმით, აღნიშნული დეესკალაციის ოთახში განხორციელდა, მასში რამდენიმე პირი მონაწილეობდა და მისი მტკიცებით, „ყველაფერი კამერებში ჩანს“. საკითხს გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახურიც და აღნიშნულს დეზინფორმაცია უწოდა. პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, დავითაძის მიმართ „არათუ სექსუალური, არამედ არანაირი სახის ძალადობას არ ჰქონია ადგილი“.
ამ განცხადებიდან, რამდენიმე დღის შემდეგ ასევე პენიტენციურმა სამსახურმა ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვით, მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომელს დაუძახა და მის თვალწინ, სამეთვალყურეო ვიდეოკამერის დასანახად, დემონსტრაციულად, გადაყლაპა გაურკვეველი მცირე საგანი.
უწყების განმარტებით, აღნიშნულის გათვალისწინებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის შემდგომი მონიტორინგის მიზნით, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეს შესთავაზეს გადაყვანა სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში“, რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა.