იუსტიციის მინისტრი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეზე - თუ ვინმეს პასუხისმგებლობა გამოიკვეთება, ყველა კანონის წინაშე შესაბამისად აგებს პასუხს - ის ბრალდებები, რაც გაჟღერდა, საბოლოო ჯამში, არ დადასტურდა - Palitra News

იუსტიციის მინისტრი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეზე - თუ ვინმეს პასუხისმგებლობა გამოიკვეთება, ყველა კანონის წინაშე შესაბამისად აგებს პასუხს - ის ბრალდებები, რაც გაჟღერდა, საბოლოო ჯამში, არ დადასტურდა

2026-10-05 15:10:08+04:00

თუ ვინმეს პასუხისმგებლობა გამოიკვეთება, ყველა კანონის წინაშე შესაბამისად აგებს პასუხს - ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ განუცხადა, რითაც რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პატიმრის, გიორგი დავითაძის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, „ის ბრალდებები, რაც გაჟღერდა, არც ერთი საბოლოო ჯამში, არ დადასტურდა“.

„ჩანაწერები აქვს პროკურატურას, რომელიც იძიებს საქმეს და როცა გვექნება შედეგი, მაშინ შეგვეძლება ვისაუბროთ იმაზე, გამოიკვეთება თუ არა ვინმეს პასუხისმგებლობა. თუ ვინმეს პასუხისმგებლობა გამოიკვეთება, ყველა კანონის წინაშე შესაბამისად აგებს პასუხს.

ის ბრალდებები, რაც გაჟღერდა, არც ერთი საბოლოო ჯამში, არ დადასტურდა. ყოველ შემთხვევაში, მიმდინარე, უკვე წარმოჩენილი და გასაჯაროებული მასალიდან, რომელიც დამოუკიდებლად შეისწავლა სახალხო დამცველმა და რაიმე ძალადობის კვალი, მით უმეტეს იმ დანაშაულის კვალი, რაზეც საუბრობდა პატიმარი, არ დადასტურდა.

ძალადობაზე საუბარი, სანამ არ დადგინდება გამოძიების მიერ, იყო თუ არა პროპორციული ძალა გამოყენებული [...] კიდევ ერთხელ განვმარტავ: იყო თუ არა ამდენი ადამიანის მონაწილეობა იმ კონკრეტულ სიტუაციაში საჭირო, პენიტენციურმა სამსახურმა ჩათვალა, რომ იყო საჭირო. რაც კადრებიდან ერთი შეხვედით ჩანს, პატიმრის დამოკიდებულებიდან, მისი მოქმედებებიდან გამომდინარე, შესაძლოა, რომ ამდენი ადამიანის ჩარევა ყოფილიყო საჭირო, იმისთვის, რომ კანონით დადგენილი პროცედურები განხორციელებულიყო. როდესაც პატიმარი არ ემორჩილება შინაგანაწესს, კანონს, კანონით გათვალისწინებულ პროცედურებში ხელს უშლის პენიტენციური სამსახურის თანამშრომელს, პენიტენციურ სამსახურს სრული უფლება აქვს, გამოიყენოს იძულების კანონით დაშვებული მექანიზმები. როცა დასრულდება გამოძიება და გამოიკვეთება, თუ გამოიკვეთება ვინმეს დანაშაულებრივი ქმედება, შესაბამისი ზომები იქნება მიღებული.

მთავარია პენიტენციურ დაწესებულებაში, ჩვენს სისტემაში, პატიმრების უფლებები,მათი სიცოცხლე და ჯანმრთელობა და ღირსება იყოს დაცული. ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ ამისთვის. რა თქმა უნდა, არცერთ სისტემაში, არცერთ ქვეყანაში არ არის გამორიცხული მსგავსი შემთხვევები. არ არის არცერთი ქვეყნის სასჯელაღსრულების სისტემა თავისუფალი მსგავსი ბრალდებებისგან და ჩვენი ამოცანა სწორედ არის ის, რომ დროულად, სწორი, სწრაფი და ეფექტური რეაგირება მოვახდინოთ მსგავს ბრალდებებზე. ბრალდებას სჭირდება დადასტურება. დადასტურებას ვერც ჟურნალისტები და ვერც მე, მინისტრი მოვახდენთ, ეს უნდა მოახდინოს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ“,- განაცხადა პაატა სალიამ.

შეგახსენებთ, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, რუსთავის მე-6 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ განცხადება გააკეთა და ბადრაგი გაუპატიურებაში დაადანაშაულა. მისივე თქმით, აღნიშნული დეესკალაციის ოთახში განხორციელდა, მასში რამდენიმე პირი მონაწილეობდა და მისი მტკიცებით, „ყველაფერი კამერებში ჩანს“. საკითხს გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახურიც და აღნიშნულს დეზინფორმაცია უწოდა. პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, დავითაძის მიმართ „არათუ სექსუალური, არამედ არანაირი სახის ძალადობას არ ჰქონია ადგილი“.

ამ განცხადებიდან, რამდენიმე დღის შემდეგ ასევე პენიტენციურმა სამსახურმა ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვით, მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომელს დაუძახა და მის თვალწინ, სამეთვალყურეო ვიდეოკამერის დასანახად, დემონსტრაციულად, გადაყლაპა გაურკვეველი მცირე საგანი.

უწყების განმარტებით, აღნიშნულის გათვალისწინებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის შემდგომი მონიტორინგის მიზნით, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეს შესთავაზეს გადაყვანა სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში“, რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა.