გიორგი დავითაძის საქმეზე, პატიმრის ოჯახსა და პენიტენციურ სამსახურს შორის დავის ერთ-ერთ მთავარ საკითხად დეესკალაციის საკნებში მსჯავრდებულების გადაყვანა რჩება. ოჯახის ინფორმაციით, პატიმრები სწორედ დავითაძის მიმართ სოლიდარობის გამო გადაიყვანეს დეესკალაციის საკნებში, თუმცა სპეციალური პენიტენციური სამსახური ამ ვერსიას უარყოფს და აცხადებს, რომ გადაწყვეტილება ციხის თანამშრომლების მიმართ ძალადობის ფაქტებს უკავშირდებოდა. უწყებამ შესაბამისი კადრებიც გაავრცელა. ამავდროულად, კვლავ გამოძიების საგნად რჩება დავითაძის მიერ პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიმართ წაყენებული ბრალდებები, მათ შორის, 2025 წლის დეკემბერში შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტი. იუსტიციის მინისტრის, პაატა სალიას განცხადებით, თუკი ვინმეს ბრალეულობა გამოიკვეთება, შესაბამისი პირები პასუხს აგებენ. დავითაძის ოჯახი დღეს პენიტენციურ დაწესებულებასთან 12 საათზე აქციას გეგმავს. საკითხი პოლიტიკური შეფასებების თემაცაა.