4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე, ირაკლი ჩხვირკვია და გური ჟვანია საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ. მოლაპარაკებები პროკურატურასთან უკვე მიმდინარეობს. მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძის შემთხვევაში შეთანხმების პირობები, სავარაუდოდ, უახლოეს სხდომაზე დამტკიცდება, გური ჟვანიას საკითხზე კი მოლაპარაკებები გრძელდება. პროკურატურის განცხადებით, ზოდელავამ და ბერიძემ დანაშაული აღიარეს და მოინანიეს. მათ 7 წლიანი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, გური ჟვანიას კი 5 წელი. ამ გადაწყვეტილებას ოპოზიციაში ერთგვაროვანი შეფასება არ მოჰყოლია.ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ამბობენ რომ საპროცესო შეთანხმება თავად მსჯავრდებულების გადაწყვეტილებაა და მას პრობლემად არ მიიჩნევენ. მათი არგუმენტია, რომ პოლიტიკური ბრძოლისთვის ამ ადამიანების ციხეში ყოფნას, გარეთ ყოფნა უფრო მნიშვნელოვანია. სხვა ოპოზიციური ძალების წარმომადგენლები კი პროცესს განსხვავებულად აფასებენ და აცხადებენ, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავება და მსჯავრდება მიზანმიმართული პოლიტიკური პროცესის ნაწილია და საპროცესო შეთანხმებები ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხს ვერ ხსნის. ამავე საქმეზე პაატა მანჯგალაძე და ირაკლი ნადირაძე საპროცესო შეთანხმებაზე შეიცვლიან თუ არა პოზიციას უცნობია.