მედია - ევროკავშირი, ჰიბრიდული საფრთხეების გაძლიერების ფონზე, რუსი დიპლომატებისთვის შეზღუდვების გამკაცრებას განიხილავს - Palitra News

მედია - ევროკავშირი, ჰიბრიდული საფრთხეების გაძლიერების ფონზე, რუსი დიპლომატებისთვის შეზღუდვების გამკაცრებას განიხილავს

2026-10-06 11:50:56+04:00

ევროპაში ბოლო პერიოდში გახშირებულმა ჰიბრიდულმა თავდასხმებმა რუსი დიპლომატების შესაძლო ჩართულობასთან დაკავშირებით კითხვები გააჩინა, რამაც წევრ ქვეყნებს შეზღუდვებისა და შემოწმებების გამკაცრების საკითხის განხილვისკენ უბიძგა, - ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, რუსი დიპლომატების გადაადგილება და ქმედებები მკაცრი დაკვირვების საგანი გახდა იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირი ჰიბრიდულ თავდასხმებს უმკლავდება.

Euronews-ი დისკუსიების შესახებ ინფორმირებულ მაღალი რანგის დიპლომატებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ეს საკითხი ბლოკის სანქციების რეჟიმის ფარგლებში შესაძლო მომდევნო ნაბიჯად განიხილება.

გამოცემა წერს, რომ ბრიუსელი ცდილობს, ახალი ფურცელი გადაშალოს მას შემდეგ, რაც გასულ თვეს ორი გავლენიანი ოლიგარქის სანქციების სიიდან ამოღებამ დაპირისპირება გამოიწვია და ევროკავშირის ერთიანობა შეარყია. ამჟამად ქვეყნები ერთიანობისა და კრემლის ჩარევის საპასუხო ზომების მიღების გზებს ეძებენ.

„განხილულ ვარიანტებს შორისაა რუს დიპლომატებთან დაკავშირებული შეზღუდვებისა და შემოწმებების გამკაცრება, რაც მიზნად ისახავს სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი ჰიბრიდული ომისა და დივერსიული ქმედებების აღკვეთას”, - წერს გამოცემა.

საუბარი, რომელიც ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა, ეფუძნება იმ მექანიზმს, რომელიც ევროკავშირმა გასულ წელს სანქციების მე-19 პაკეტის ფარგლებში შემოიღო. ეს სისტემა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში განწესებულ რუს დიპლომატებს ავალდებულებს, მასპინძელი ქვეყნის ფარგლებს გარეთ სხვა წევრ სახელმწიფოში გამგზავრების ან მისი ტერიტორიის გავლით ტრანზიტის შემთხვევაში, დაგეგმილ შესვლამდე აცნობონ შესაბამის ორგანოებს თავიანთი გადაადგილების შესახებ არაუგვიანეს 24 საათისა .

წესი ვრცელდება ყველა რანგის დიპლომატიურ და საკონსულო თანამშრომელზე, მათ შორის ელჩებზე, ადმინისტრაციულ, ტექნიკურ თუ მომსახურე პერსონალსა და ოჯახის წევრებზე.

მიუხედავად იმისა, რომ ამ სისტემამ ევროპულ უწყებებს რუსი დიპლომატების გადაადგილებაზე კონტროლის გაძლიერების საშუალება მისცა, თავად სისტემა მათ გადაადგილებას არ ზღუდავს.

წევრ ქვეყნებს შეუძლიათ გამოიყენონ უფრო მკაცრი პროცედურა და რუს დიპლომატებს ტრანზიტისთვის ნებართვის აღება მოსთხოვონ. უარის მიღების შემთხვევაში, დიპლომატი ვერ შეძლებს შესაბამის ქვეყანაში გადაადგილებას. თუმცა, აღნიშნული პროცედურა სავალდებულო არ არის; ამ დროისთვის ის მხოლოდ ორმა ქვეყანამ აამოქმედა.

შეტყობინებების სისტემა ეფუძნებოდა მოსაზრებას, რომ რუსი დიპლომატები ხშირად მონაწილეობენ ისეთ ქმედებებში, რომლებიც ხელს უწყობს ომის მომხრე ნარატივების გავრცელებას და საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას. ამჟამად ყურადღება გადატანილია მათ შესაძლო როლზე - იქნება ეს პირდაპირი თუ არაპირდაპირი - ჰიბრიდულ თავდასხმებში.

„რუსეთის ქმედებები უპასუხოდ არ დარჩება. ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები ამ ქმედებებზე რეაგირებისას გადამჭრელად და კოორდინირებულად იმოქმედებენ და სრულად გამოიყენებენ ყველა არსებულ ინსტრუმენტსა თუ მექანიზმს“, - ნათქვამია ევროკავშირის ლიდერების მომავალი კვირის სამიტისთვის მომზადებულ დასკვნების პროექტში.

Euronews-ი წერს, რომ ბრიუსელში გამართული დებატებისას მხედველობაში უნდა მიიღონ ვენის კონვენცია, დოკუმენტი, რომელიც დიპლომატიურ წარმომადგენლებს მათი ყოველდღიური საქმიანობის ფარგლებში ფართო უფლებებითა და დაცვის გარანტიებით უზრუნველყოფს.