გიორგი დავითაძის დედა - გადადგეს ყველა მოძალადე - პატარიძეც, ტრაპაიძეც და მისი ჯალათებიც! - ჯერ მალავთ საგულდაგულოდ, მაგრამ აგიფეთქდებათ ეგ ნაღმი! - Palitra News

გიორგი დავითაძის დედა - გადადგეს ყველა მოძალადე - პატარიძეც, ტრაპაიძეც და მისი ჯალათებიც! - ჯერ მალავთ საგულდაგულოდ, მაგრამ აგიფეთქდებათ ეგ ნაღმი!

2026-10-06 12:24:35+04:00

გადადგეს ყველა მოძალადე - პატარიძეც, ტრაპაიძეც და მისი ჯალათებიც! ეს არის ჩემი მოთხოვნა - ეს არ არის ერთი შემთხვევა, უამრავი შემთხვევაა ციხეებში. ჯერ მალავთ საგულდაგულოდ, მაგრამ აგიფეთქდებათ ეგ ნაღმი, რაზეც სხედხართ, - ამის შესახებ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დედამ, ირმა დავითაძემ სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებასთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ჯერ კიდევ ერთი წლის წინ მოითხოვეს ექსპერტიზა.

“ადვოკატი მოვიდა და განაცხადი გააკეთა იმის შესახებ, თუ რა ძალადობა ხდებოდა პენიტენციურ დაწესებულებაში. მაშინ სად იყო პატარიძე, არ იცოდა, რა ხდებოდა? არავის არ ვაყენებ შეურაცხყოფას! შეურაცხყოფა ჩვენ მოგვაყენეს. მიიღონ ჩვენი შეურაცხყოფაც, კეთილი ინებონ!

ერთი წლის წინ ვითხოვდით ოჯახი ექსპერტიზას. ჩვენ არ ვიცოდით, იქ რა ხდებოდა, თავიდან ეს გასაიდუმლოებული იყო ჯალათებისა და იმ სისტემის მიერ. ჩვენს ხელში ჯერ არ იყო ეს ყველაფერი. როცა გავიგეთ, მივმართეთ ამ დაწესებულებას, სახალხო დამცველს და ყველას. ექსპერტიზა თვითონ მოეძიებინათ და დაეწყოთ გამოძიება.

სად იყვნენ?

თვითონ რატომ არ ჩაატარეს ექსპერტიზა? რატომ არ მოიკვლიეს ეს საქმე? იმიტომ, რომ არ აწყობდათ! ერთი წლის თავზე რატომ არ არის ჯერაც გამოძიებული?

10-12 მოძალადე რით ვერ დაკითხეს? ეგ საკენკი დაუყარონ თავიანთ მომხრეებს, ვისაც აბოლებენ და ატყუებენ.

გადადგეს ყველა მოძალადე - პატარიძეც [სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე], ტრაპაიძეც [რუსთავის განსაკუთრებული რისკის ციხის დირექტორი შოთა ტრაპაიძე] და მისი ჯალათებიც! ეს არის ჩემი მოთხოვნა. ეს არ არის ერთი შემთხვევა, უამრავი შემთხვევაა ციხეებში. ჯერ მალავთ საგულდაგულოდ, მაგრამ აგიფეთქდებათ ეგ ნაღმი, რაზეც თქვენ სხედხართ”, - განაცხადა ირმა დავითაძემ.

შეგახსენებთ, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, რუსთავის მე-6 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ განცხადება გააკეთა და ბადრაგი გაუპატიურებაში დაადანაშაულა. მისივე თქმით, აღნიშნული დეესკალაციის ოთახში განხორციელდა, მასში რამდენიმე პირი მონაწილეობდა და მისი მტკიცებით, „ყველაფერი კამერებში ჩანს“. საკითხს გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახურიც და აღნიშნულს დეზინფორმაცია უწოდა. პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, დავითაძის მიმართ „არათუ სექსუალური, არამედ არანაირი სახის ძალადობას არ ჰქონია ადგილი“.