სწრაფი მოხმარების პროდუქტების ბაზარი 11%-ით გაიზარდა - ბაზრის ლიდერი კი „დეილი ჯგუფია“. 2026 წლის პირველ ნახევარში, სწრაფი მოხმარების სამომხმარებლო საქონლის ბაზრის შემოსავლები წლიურად 11%-ით გაიზარდა და 13.1 მლრდ ლარი შეადგინა. ამის შესახებ „გალთ ენდ თაგარტის“ რითეილ ბაზრის კვლევაშია საუბარი. კვლევის თანახმად, ყველაზე მაღალი ზრდა ბრენდულ ქსელებს ჰქონდათ - 12.8%, არაბრენდული მაღაზიების შემოსავლები 12%-ით, ხოლო სხვა ფორმატის სავაჭრო ობიექტების 8.1%-ით გაიზარდა. ამავე პერიოდში, ბაზრის ამ სეგმენტში ინფლაციამ 7% შეადგინა. სწრაფი მოხმარების პროდუქტების ბაზრის შემოსავლებში, ბრენდული ქსელების წილმა 41.1% შეადგინა. ბრენდული ქსელების შემოსავლების ზრდა ძირითადად არსებული მაღაზიების გაყიდვების ზრდით იყო განპირობებული. 2026 წლის პირველ ნახევარში, ბრენდული მაღაზიების რიცხვი 41-ით გაიზარდა. ბრენდული ქსელების შემოსავლების 56.8% თბილისზე, ხოლო 43.2% რეგიონებზე მოდიოდა. ერთი მაღაზიის საშუალო შემოსავალი თბილისში 1.4 მლნ ლარი, რეგიონებში კი 1.1 მლნ ლარი იყო. ამავე კვლევის თანახმად, „დეილი ჯგუფი“ ბაზრის ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს, რომლის წილი მთლიანად ბრენდული ბაზარის შემოსავლებში 27.3% იყო, მეორე ადგილზეა „2 ნაბიჯი“ 20,3%-იანი წილით, ხოლო მესამეზე „ნიკორა“ - 15.9%-იანი წილით. თბილისში ბაზრის ლიდერი „2 ნაბიჯია“ - მისი წილი 20.5%-ს შეადგენდა, მეორე ადგილზეა „დეილი ჯგუფი“, რომლის წილიც 19.5% იყო. რეგიონებში „დეილი ჯგუფი“ კვლავ მკაფიო ლიდერია ბაზრის 37.6%-იანი წილით, თუმცა მისი წილი შემცირებულია. ამასთან, კვლევის მიხედვით, წელს 6 თვეში ბრენდული ქსელების საშუალო საოპერაციო მოგების მარჟა წლიურად შემცირდა. კლება ძირითადად გამოწვეული იყო საერთო მოგების მარჟის შემცირებითა და სახელფასო ხარჯების შემოსავალთან ფარდობის ზრდით.