8 თვეში, სანქცია-ჯარიმებიდან ბიუჯეტში 400 მლნ ლარზე მეტი შევიდა - Palitra News

8 თვეში, სანქცია-ჯარიმებიდან ბიუჯეტში 400 მლნ ლარზე მეტი შევიდა

2026-10-06 13:56:22+04:00

8 თვეში, სანქცია-ჯარიმებიდან ბიუჯეტში 400 მლნ ლარზე მეტი შევიდა.

2026 წლის იანვარ-აგვისტოში, ჯარიმებიდან და სანქციებიდან ბიუჯეტში შესული თანხა წლიურად 48.5%-ით გაიზარდა. მხოლოდ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმებიდან კი ბიუჯეტში 13.2%-ით მეტი თანხა შევიდა. უფრო კონკრეტულად, საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების მიხედვით, წელს 8 თვეში, სანქციებიდან, საურავებიდან და ჯარიმებიდან მიღებულმა შემოსავალმა 404 833 865 ლარი შეადგინა, მაშინ, როცა 2025 წლის იანვარ-ივლისში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 272 მილიონი ლარი იყო. მონაცემების მიხედვით, ამ წლის 8 თვეში, ბიუჯეტში შესული დაახლოებით 405 მლნ ლარიდან 326 მლნ ლარზე მეტი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე გამოწერილი ჯარიმა იყო. ამასთან, გაზრდილია ზოგადად საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობაც. კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, წელს იანვარ-აგვისტოში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმებიდან ხაზინაში 178 მილიონ ლარზე მეტი შევიდა, მაშინ როცა წინა წლის იგივე პერიოდში ეს თანხა 157 მილიონ ლარზე ოდნაც მეტი იყო/