საქართველოში საწვავი ისევ გაძვირდა - Palitra News

საქართველოში საწვავი ისევ გაძვირდა

2026-10-06 13:58:40+04:00

საქართველოში საწვავი ისევ გაძვირდა. ბოლო 3 დღეში, ბენზინგასამართი სადგურების ნაწილმა, ბენზინის ფასი დამატებით კიდევ 3-დან 10 თეთრამდე გაზარდა, ხოლო დიზელის კიდევ 5 თეთრით გააძვირა. მხოლოდ სექტემბერში ბენზინის ფასმა 14-დან 31 თეთრამდე მოიმატა. დიზელის საცალო ფასი კი 30-დან 52 თეთრამდე გაიზარდა. რაც შეეხება მიმდინარე წლის აგვისტო-სექტემბრის პერიოდს, ბენზინის ფასი ლიტრზე 42 თეთრამდე, დიზელის კი 91 თეთრამდეა გაზრდილი. ამასთან, „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, სექტემბერში წლიურ ჭრილში ბენზინი 30.2%-ით; დიზელი - 54.5%-ით; ხოლო გაზის საწვავი - 0.6%-ით არის გაძვირებული. გლობალურად საწვავის ფასების ზრდას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი გამოეხმაურა. როგორც დონალდ ტრამპი ამბობს, საწვავზე ფასების ზრდას უკრაინის მიერ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები და „დემოკრატები“ იწვევენ. „ის, რაც ბენზინის ფასების ზრდას იწვევს, უკვე ჰორმუზის სრუტე აღარ არის, რადგან იქ რეკორდული რაოდენობით ბარელი გადის, არამედ - „ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები“, რომლებსაც რუსეთში უკრაინა აფეთქებს, ხოლო ლურჯ შტატებში, როგორიც კალიფორნიაა, მათ [ქარხნებს] „დემოკრატები“ ხურავენ“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე