უკლებლივ ყველა რეზოლუცია ბოლო ხანებში საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული, იმ ქაღალდის ფასადაც არ ღირს, რომელზედაც შეიძლება ეს რეზოლუცია დაიბეჭდოს, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დაგეგმილ დებატებსა და რეზოლუციას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ეს იქნება კიდევ ერთი თავდასხმა საქართველოს სუვერენიტეტზე.
“ემპირიული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ევროპარლამენტის ყველა რეზოლუცია, უკლებლივ ყველა რეზოლუცია ბოლო ხანებში საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული, იმ ქაღალდის ფასადაც არ ღირს, რომელზედაც შეიძლება ეს რეზოლუცია დაიბეჭდოს.
ზუსტად იგივე მოლოდინი გვაქვს ახალი რეზოლუციის მიმართ. ეს იქნება კიდევ ერთი თავდასხმა საქართველოს სუვერენიტეტზე იმ ხალხის მხრიდან, რომელთა უკანაც დგას ძალა, რომელსაც სურს, რომ საქართველო გამოყენებული იყოს პროქსი სახელმწიფოდ”, - განაცხადა გორდულაძემ.
ცნობისთვის ევროპარლამენტის დღის წესრიგის თანახმად, დებატები სახელწოდებით - „მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მცდელობები საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ“ 7 ოქტომბერს გაიმართება. ევროპარლამენტში დებატები ადგილობრივი დროით 19:00 საათიდან დაიწყება. ასევე, ევროპარლამენტარები აღნიშნულ საკითხზე რეზოლუციას კენჭს 8 ოქტომბერს უყრიან.