საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული რიგი საგადასახადო შეღავათის მოქმედების ვადა შესაძლოა 2033 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდეს - Palitra News

საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული რიგი საგადასახადო შეღავათის მოქმედების ვადა შესაძლოა 2033 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდეს

2026-10-06 15:10:59+04:00

საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული რიგი საგადასახადო შეღავათის მოქმედების ვადა შესაძლოა 2033 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელდეს.

შესაბამისი ინიციატივა პარლამენტში უკვე წარდგენილია. პროექტი “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს, რომელთა განმარტებით, ინიციატივა ხელს შეუწყობს 2008 წლის აგვისტომდე დაწყებული და დაუმთავრებელი მშენებლობების დამთავრებას.

“საგადასახადო კოდექსით“ დადგენილია ცალკეული საგადასახადო შეღავათი, მათ შორისაა დღგ-სგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლება უძრავი ქონების მიმწოდებლის, აგრეთვე უძრავი ქონების მიმწოდებლის მიერ მიწოდებულ ქონებასთან დაკავშირებული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების გაწევისათვის, თუ უძრავი ქონების მიწოდება და მასთან დაკავშირებული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების გაწევა 2015 წლის 1-ელი იანვრიდან 2029 წლის 1-ელ იანვრამდე პერიოდს ითვალისწინებს. ამასთან, მიწოდებული უძრავი ქონება განთავსებული უნდა იყოს იმ ობიექტზე, რომელიც 2008 წლის 8 აგვისტოსათვის ძალაში მყოფი მშენებლობის ნებართვით არის გათვალისწინებული ან ობიექტზე 2008 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით საპროექტო დოკუმენტაცია (არქიტექტურული პროექტი) უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმებული იყო, მშენებლობის ნებართვა კი შემდგომ გაიცა ან ობიექტზე 2008 წლის 8 აგვისტოს შემდგომ პერიოდში შეიცვალა საპროექტო დოკუმენტაცია (არქიტექტურული პროექტი) ან განხორციელდა არსებული შენობის დემონტაჟი და გაიცა ახალი მშენებლობის ნებართვა დროებით. საშეღავათო პერიოდი ვრცელდება იმ ობიექტის ექსპლუატაციაში მისაღებაზე, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი ქონება და უფლებამოსილმა ორგანომ უნდა გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

“თბილისის მერიისა და საკრებულოს ხელშეწყობით წლებია მოქმედებს პროგრამა, რომლის ფარგლებშიც დაუმთავრებელი მშენებლობებით დაზარალებული პირების დაკმაყოფილების მიზნით (მათთვის მშენებელი კომპანიის მიერ გადასაცემი მიუღებელი ფართების გადაცემის მიზნით) ხორციელდება შესაბამისი ხელშემწყობი ღონისძიებები, რომლებიც გაიცემა დაზარალებულებისა და მათთვის მისაღები ახალი მშენებელი კომპანიის მიმართ. ასეთ შემთხვევაში ახალი დეველოპერი კომპანია უზრუნველყოფს მშენებლობის პროცესის გაგრძელებას (ახლის განხორციელებას) და ამის ფარგლებში დაზარალებული პირების დაკმაყოფილებას. უნდა აღინიშნოს, რომ დღეის მდგომარეობით, თბილისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით რამდენიმე ასეთ ობიექტზე უკვე გაცემულია ხელშემწყობი ღონისძიებები და კომპანიებს აქვთ ვალდებულია განახორციელონ სამშენებლო პროცესი და დაზარალებულების დაკმაყოფილება. ამ მშენებლობებიდან, გარკვეული ნაწილი, ცხადია, არის ისეთი დაუსრულებელი მშენებლობები, რომლებიც ჯერ კიდევ 2008 წლის 8 აგვისტომდე დაიწყო. სამშენებლო კომპანიები, მშენებლობის წარმოებისათვის როგორც წესი იყენებენ საბანკო დაფინანსებას. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ექსპლუატაციაში მიღების ვადა არის 2029 წლის 1-ელ იანვრამდე, კომპანიების თხოვნაა, რომ ბანკების დაფინანსებისათვის, მიზანშეწონილი იქნება თუ ეს საშეღავათო პერიოდი გონივრული ვადით კიდევ გადაიწევა. კერძოდ, იმ ვადით, რა ვადაც საბანკო სექტორისათვის იქნება უფრო მეტად მისაღები, საკანონმდებლო ჩარჩოს სიმყარის კუთხით“, - ნათქვამია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.

ცვლილების მიხედვით, 2029 წლის 1-ელ იანვრამდე განსაზღვრული საშეღავათო პერიოდი ხანგრძლივდება და 2033 წლის 1-ელ იანვრამდე განისაზღვრება, რაც ინიციატორთა განცხადებით, ხელს შეუწყობს როგორც მუნიციპალიტეტს, დააკმაყოფილოს დაზარალებული პირები, ისე კომპანიებს - მიიღონ ბანკებისგან დაფინანსება და შეძლონ პროექტების განხორციელება.