სალომე სამადაშვილი - ჩვენ ვართ გაუქმებული ევროკავშირში გაწევრიანების დღის წესრიგიდან - საქართველოს ყველა მოქალაქემ მოლდოვის წარმატების მაგალითზე უნდა დაინახოს, როგორ ატყუებს და როგორ დასცინის მას საკუთარი ხელისუფლება - Palitra News

სალომე სამადაშვილი - ჩვენ ვართ გაუქმებული ევროკავშირში გაწევრიანების დღის წესრიგიდან - საქართველოს ყველა მოქალაქემ მოლდოვის წარმატების მაგალითზე უნდა დაინახოს, როგორ ატყუებს და როგორ დასცინის მას საკუთარი ხელისუფლება

2026-10-06 16:01:39+04:00

საქართველოს ყველა მოქალაქემ მოლდოვის წარმატების მაგალითზე უნდა დაინახოს, როგორ ატყუებს და როგორ დასცინის მას საკუთარი ხელისუფლება, რომელიც წლებია უმტკიცებს, თითქოს ევროკავშირში გაწევრიანების პროგრესისთვის, ევროკავშირი ივანიშვილს სთხოვდა აქ მეორე ფრონტის გახსნას რუსეთის წინააღმდეგ, - ასე გამოეხმაურა „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის შეფასებას მოლდოვასთან მიმართებით.

სამადაშვილის თქმით, დღეს მოლდოვას აქვს შესაძლებლობა, ილაპარაკოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე, იმიტომ, რომ მან მოიშორა ოლიგარქი, რომელსაც მიტაცებული ჰქონდა ხელისუფლება.

„ჩვენ ვხედავთ, რომ არა თუ მეორე ფრონტი არ გაუხსნია მოლდოვას რუსეთის წინააღმდეგ, არამედ პირიქით, ევროკავშირი ეხმარება მათ შორის საკუთარი უსაფრთხოების პოლიტიკის ფარგლებში, რომ განამტკიცოს მოლდოვამ საკუთარი უსაფრთხოება და თავდაცვისუნარიანობა სწორედ რუსეთიდან მომავალი საფრთხეების წინააღმდეგ. ეს არის ძალიან კარგი მაგალითი იმის თუ როგორ გატყუებენ თქვენ. გარდა ამისა, მეორე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რატომ მიეცა მოლდოვას შესაძლებლობა, რომ დღეს ილაპარაკოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე, იმიტომ, რომ თავიდან მოიშორა ოლიგარქი, რომელსაც მიტაცებული ჰქონდა ძალაუფლება ანუ მოხდა დეოლიგარქიზაცია. სამწუხაროდ, საქართველოში საპირისპირო პროცესი წავიდა, ოლიგარქმა სრულად აიღო ხელში ძალაუფლება, დაანგრია ყველა სახელმწიფო ინსტიტუცია და შედეგად ჩვენ ვართ გაუქმებული ევროკავშირში გაწევრიანების დღის წესრიგიდან“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ცნობისთვის, როგორც ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა ბრიუსელში, ევროკავშირი-მოლდოვას ასოცირების საბჭოს შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მოლდოვა შთამბეჭდავი ტემპით მიიწევს წინ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

მისი თქმით, მოლდოვასთან, უახლოეს მომავალში გაწევრიანების მოლაპარაკებების კიდევ ორი კლასტერის გახსნა იგეგმება.