პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, მესტიისა და თელავის აეროპორტები ექსპლუატაციაში 2028 წელს შევა.
როგორც მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ორივე პროექტის განხორციელების შემდეგ, 50-50 ათასი მგზავრის მომსახურებას შეძლებს როგორც მესტიის, ისე თელავის აეროპორტი.
„2025-2026 წლებში საავიაციო ბაზარს 10-ზე მეტი ახალი კომპანია და ავია მიმართულება შეემატა. გასული წელი იყო უპრეცედენტოდ წარმატებული ავიაციის სექტორისთვის. სამივე საერთაშორისო აეროპორტი, ჯამურად, 8.5 მლნ მგზავრს მოემსახურა, რაც არის 14%-იანი ზრდა წინა წელთან შედარებით. რეისების რაოდენობა გაიზარდა 16%-ით. ძალიან მნიშვნელოვანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის პროექტი. ვადაზე ადრე შევა ექსპლუატაციაში ქუთაისის აეროპორტის ახალი 3.5 - კილომეტრიანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და სხვა სააეროდრომო ინფრასტრუქტურა, რის შედეგადაც, ქუთაისის აეროპორტის რესურსები მნიშვნელოვნად გაძლიერდება და ქუთაისი მოემსახურება ასევე დიდი ზომის საჰაერო ხომალდებს, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ასევე, ამ პერიოდის განმავლობაში, ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეკრულება გაფორმდა კომპანია „ტავთან“. გვქონდა წარმატებული მოლაპარაკებები. ამ მოლაპარაკებების შედეგად ჩვენ მოვიზიდეთ დამატებით 150 მლნ დოლარის ინვესტიცია და ამ ინვესტიციის შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაორმაგდება მგზავრთა გამტარუნარიანობა და 10 მლნ მგზავრამდე გაიზრდება. ასევე, წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად, სახელმწიფოსთვის გაუმჯობესდა შემოსავლების მიღების პირობები და სახელმწიფოს ყოველწლიური შემოსავალი, წინა ხელშეკრულებასთან შედარებით, გაიზრდება 3.5-ჯერ, რაც ნიშნავს 5 წლის განმავლობაში ათეულობით მილიონ ლარს დამატებით სახელმწიფოს სასარგებლოდ.
თელავისა და მესტიის აეროპორტების მშენებლობა აქტიურად არის განხორციელების ფაზაში. 2028 წელს ექსპლუატაციაში შევა როგორც მესტიის, ისე თელავის ახალი აეროპორტი, რომელიც არსებითად შიდა საავიაციო მიმოსვლისთვის იქნება გამოყენებული. ორივე პროექტის განხორციელების შემდეგ, 50-50 ათასი მგზავრის მომსახურებას შეძლებს როგორც მესტიის, ისე თელავის აეროპორტი“,- განაცხადა კობახიძემ.