გრიგოლ გეგელია - გაზრდილი ეპიდემიური რისკის პასუხად, რუსეთის მოსაზღვრე სახელმწიფოებმა გაამკაცრეს საზღვრების კონტროლი - მოვუწოდებთ ჯანდაცვის მინისტრს, დაუყოვნებლივ ჩააბაროს მოსახლეობას ანგარიში - იმოქმედეთ, განმარტეთ, ახსენით! - Palitra News

გრიგოლ გეგელია - გაზრდილი ეპიდემიური რისკის პასუხად, რუსეთის მოსაზღვრე სახელმწიფოებმა გაამკაცრეს საზღვრების კონტროლი - მოვუწოდებთ ჯანდაცვის მინისტრს, დაუყოვნებლივ ჩააბაროს მოსახლეობას ანგარიში - იმოქმედეთ, განმარტეთ, ახსენით!

2026-10-07 12:08:13+04:00

გაზრდილი ეპიდემიური რისკის პასუხად, რუსეთის მოსაზღვრე სახელმწიფოებმა გაამკაცრეს საზღვრების კონტროლი და გამშვებ პუნქტებზე სანიტარულ-საკარანტინო კონტროლი დაიწყეს, ამ ფონზე, გაურკვეველია, თუ რას აკეთებს ქართული სახელმწიფო - საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს პასუხს იმაზე, თუ რა ზომებს იღებს დღეს ხელისუფლება, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ეს მოჩვენებითი სიმშვიდე სინამდვილეში არის სიბრიყვე და დანაშაულებრივი უმოქმედობაა“.

„მინდა გამოვეხმაურო ცნობას რუსეთის ფედერაციაში პნევმატიკური შავი ჭირის გავრცელებასთან დაკავშირებით, რომლის გამოც 200-მდე ადამიანი მოთავსებულია სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ. გაზრდილი ეპიდემიური რისკის პასუხად, რუსეთის მოსაზღვრე სახელმწიფოებმა, მათ შორის ცენტრალური აზიის სახელმწიფოებმა: ყირგიზეთმა, უზბეკეთმა, მონღოლეთმა და ყაზახეთმა გუშინვე მიმართეს შესაბამის ზომებს, გაამკაცრეს საზღვრების კონტროლი და გამშვებ პუნქტებზე სანიტარულ-საკარანტინო კონტროლი დაიწყეს. უკვე კონტროლდებიან საზღვრის გადამკვეთი პირები, სატრანსპორტო საშუალებები და ტვირთები. ასე იქცევა ფხიზელი და გონიერი ხელისუფლება, ვიდრე არ მოხდება სიტუაციის გამორკვევა და არ დადგინდება, თუ რა მასშტაბის პოტენციურ რისკთან შეიძლება გვქონდეს შეხება. ორმაგად კი იმ ფონზე, როდესაც მეორე მხარეს არის დიქტატურა. რუსეთის მმართველო რეჟიმო და ზოგადად ავტორიტარული რეჟიმები მუდმივად მალავენ რეალურ სურათს და არსებობს საფრთხე, რომ ვითარება ბევრად მძიმეა, ვიდრე ეს საჯაროდ არის ცნობილი.

ამ ფონზე, გაურკვეველია, თუ რას აკეთებს ქართული სახელმწიფო. რამდენადაც მნიშვნელოვანია, რომ ადგილი არ ჰქონდეს მოჭარბებულ საზოგადოებრივ მღელვარებას, ამდენადვე საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს პასუხს იმაზე, თუ რა ზომებს იღებს დღეს ხელისუფლება. თუმცა ამ დრომდე ვერ ვხედავთ ვერავითარ რეაგირებას, ვხედავთ, რომ რეჟიმი კვლავაც ტრადიციულად ყურსაც არ იბერტყავს. „ქართული ოცნების" ეს მოჩვენებითი სიმშვიდე სინამდვილეში არის სიბრიყვე და დანაშაულებრივი უმოქმედობაა! მოვუწოდებთ ჯანდაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს, დაუყოვნებლივ ჩააბაროს საქართველოს მოსახლეობას ანგარიში, თუ რა პრევენციული ზომების გატარებას აპირებს ხელისუფლება მოსახლეობის ჯანდაცვის და უსაფრთხოების დასაცავად! იმოქმედეთ, განმარტეთ, ახსენით! ჯანმრთელობა და მშვიდობა საქართველოს!“- განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.