ირაკლი კობახიძე - თუკი რამეში უსწრებს საქართველოს მოლდოვა და უკრაინა, მხოლოდ უარყოფით მაჩვენებლებში - ღმერთმა დაგვიფაროს ამ ყველაფერში მათ გადავასწროთ - Palitra News

ირაკლი კობახიძე - თუკი რამეში უსწრებს საქართველოს მოლდოვა და უკრაინა, მხოლოდ უარყოფით მაჩვენებლებში - ღმერთმა დაგვიფაროს ამ ყველაფერში მათ გადავასწროთ

2026-10-07 17:02:56+04:00

თუკი რაიმეში უსწრებს საქართველოს მოლდოვა და უკრაინა, მხოლოდ უარყოფით მაჩვენებლებში - ღმერთმა დაგვიფაროს ამ ყველაფერში მოლდოვას და უკრაინას გადავასწროთ, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერი, ირაკლი კობახიძემ გაფართოების საკითხებში ევროკომისარ, მარტა კოსის განცხადებას, რომ საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა და ისურვებდა, რომ „იმავე დონეზე ყოფილიყო, რაზეც მოლდოვა და უკრაინაა“.

კობახიძის თქმით, მათი გზა არის მშვიდობის და ეკონომიკური განვითარების, და ეს გზა გაგრძელდება.

„ევროპარლამენტი საერთოდ არ არის საინტერესო. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ სიცრუის გარდა ეს ორგანო, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში არაფერს ავრცელებს.

თუკი რაიმეში უსწრებს საქართველოს მოლდოვა და უკრაინა, მხოლოდ უარყოფით მაჩვენებლებში. ღმერთმა დაგვიფაროს ამ ყველაფერში მოლდოვას და უკრაინას გადავასწროთ. ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს. ჩვენი გზა არის მშვიდობის, ეკონომიკური განვითარების, და ამ გზას გავაგრძელებთ აუცილებლად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, პრემიერ-მინისტრს ჰკითხეს ევროკავშირის გაფართოების დოკუმენტზე, სადაც საქართველოზე საუბარი არ არის, რაზეც მან აღნიშნა, რომ საქართველო 1000 ნაბიჯით, უსწრებს როგორც უკრაინას, ისევე მოლდოვას და სხვა კანდიდატ ქვეყნებს.

„ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს არჩეული - მთავარია, რომ ვიხილოთ სამართლიანი, სწორი და ჯანსაღი მიდგომა ევროკომისიის მხრიდან. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, ჩვენ გვაქვს გაცხადებული ჩვენი პოლიტიკის სურვილი და ნება, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ჩვენ გზას განვაგრძობთ ევროინტეგრაციის მიმართულებით. იცით, რომ ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულებების 90% უკვე შესრულებულია. პირნათლად ვასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს. იცით, რა მდგომარეობაა საქართველოში - რამდენად ვუსწრებთ, 1000 ნაბიჯით, როგორც უკრაინას, ისევე მოლდოვას და სხვა კანდიდატ ქვეყნებს. დანარჩენი უკვე ჯანსაღი დამოკიდებულების ამბავია. თუ ევროკომისიას ჯანსაღი დამოკიდებულება ექნება საქართველოს მიმართ, ამ შემთხვევაში, შეუფერხებლად გაგრძელდება საქართველოს ევროინტეგრაცია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო, რომელიც გაფართოების წინა პოლიტიკას გადახედავს, განსაზღვრავს პოლიტიკურ ორიენტირებს და იმ ქმედებებს, რომლებიც აუცილებელია ევროკავშირის მომავალი გაფართოებისთვის მოსამზადებლად.

კერძოდ, საუბარია ოთხ კანდიდატ ქვეყანაზე - ალბანეთზე, მოლდოვაზე, მონტენეგროსა და უკრაინაზე, რომელთათვისაც 2026 წლის გაფართოების პაკეტის ფარგლებში ევროკომისია საორიენტაციო საგზაო რუკებს წარადგენს.

ამასთან, როგორც გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა გუშინ აღნიშნა, საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა, ის რაც საქართველოში ახლა ხდება წარმოდგენილი იქნება გაფართოების ანგარიშში.

„როგორც იცით, საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა. ვწუხვარ ამის გამო. ვისურვებდი, რომ საქართველოც, ქართველი ხალხის უდიდესი მხარდაჭერით, ყოფილიყო დღეს იმავე დონეზე, რაზეც მოლდოვა და უკრაინაა", - განაცხადა მარტა კოსმა.